გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ექსპერტიზის შუალედური პასუხი ცნობილია

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წელის ჩანთის ექსპერტიზის შუალედური დასკვნა ცნობილია. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი პროკურორზე დაყრდნობით ამბობს, რომ ექსპერტიზის შუალედური დასკვნის მიხედვით წელის ჩანთაზე, რომელიც გამოძიებამ არაგვის ხიდთან იპოვა, აღმოჩნდა დნმ-ის 5 კვალი. ჟურნალისტის თქმით, ერთი ეკუთვნის გიორგი შაქარაშვილს, მეორე ჩანთის მფლობელს, მესამე ეკუთვნის გიორგი შაქრაშვილის ნათესავს და უცნობია ვის ეკუთვნის დნმ-ის ორი ნიმუში.

ჟურნალისტის ინფორმაციით, გამოძიებამ 42 ნიმუში შეისწავლა და არცერთი ბრალდებულის დნმ არ აღმოჩნა ჩანთაზე.

ექსპერტიზის დასკვნაზე საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა კომენტარი მედიასთან სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

„ამ ჩანთაზე არსებული ბიოლოგიური მასალა შედარდა როგორც მკვლელობაში ბრალდებულებს, ასევე თავდასხმაში ბრალდებულებს. ასევე იმ პირებს, რომელებმაც დაზარალებულები წაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. ეს არის, ე.წ. საბურთალოს მხარე. თუმცა მათი დნმ-პროფილები ჩანთაზე არ ამოვიდა. ჩანთაზე ამოვიდა უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის დნმ-პროფილი და იმ პიროვნების დნმ-პროფილი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ჩანთა და ვისგანაც გიორგი შაქარაშვილმა ის ითხოვა. თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი შედარებულია ამ დროისთვის. დასკვნა გაცემულია. მათ შორის შედარებულია ნიკა ჟვანიას დნმ-პროფილიც და მისი პროფილი ჩანთაზე არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს არაფერს აქარწყლებს და ვერავინ აირიდებს პასუხისმგებლობას. ის გარემოება, რომ ვინმეს დნმ-პროფილი არ აღმოჩნდა ჩანთაზე, არ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა შეხება გიორგი შაქარაშვილთან, ან უშუალოდ ჩანთასთან“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.

გაგნიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, ბრალდებული გაგნიძის და სხვების დნმ-პროფილები ჩანთაზე არ აღმოჩნდა, რადგან შემხებლობა არ ჰქონიათ.

„ბრალდების მხარე უსუსურ მდგომარებაშია. მტკიცებულებები არ აქვს და რჩებათ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივად შელახული მოწმეები. სხვა არანაირი პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა მედიასთან ალექსანდრე კობაიძემ.

შავის ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, გამოძიებამ 19 ივნისს ერთ-ერთი მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს აღმოაჩინა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულია 17 ადამიანი. ბრალდებულთა ნაწილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობას ედავება. 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამაძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.