გომელაური ახალ ვერტმფრენზე: ღამე ვერც ეს იფრენს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ღამით ფრენას ვერც ახალი სამაშველო ვერტმფრენი H 145 შეძლებს.

სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ახალი ვერტმფრენი შსს-ს 12 მარტს გადაეცა. ის ჯერ ქვეყანაში ჩამოსული არ არის. გომელაურის თქმით, ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 2023 წლის აგვისტოში, შოვში ადამიანების გადარჩენა, H 145 საქართველოში რომ, ყოფილიყო, შს მინისტრი ამბობს, რომ არა.

„ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, იქ ყველას გადავარჩენდით, სიცრუეა. შემიძლია, თუ თქვენი ნება იქნება, მოვიყვანო ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან. მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე. ღამე ვერც ეს ვერტმფრენი ვერ იფრენს, ეგ იცოდეთ, შეუძლია იგივე, რაც შეუძლია დღევანდელ ვერტმფრენებს, რაც ჩვენ გვყავს – აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში.

ანუ ის, რომ ეს ვერტმფრენი ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს – ეს პრობლემა ამასაც აქვს, ეს ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა”. – ამბობს გომელაური.

H 145-ის შეძენასთან დაკავშირებით კომპანია Airbus Helicopters-თან ხელშეკრულება 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა საქართველოსთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.