გომელაურის თქმით, მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ

პუბლიკა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ვერ კონტროლდება მოპედები ვიდეოკამერებით და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

„ამაზე ვმუშაობთ. გეთანხმებით, რომ მძიმე და მტკივნეული თემაა ქალაქში მოპედებით გადაადგილება. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ვერ ხდება მათი გადაადგილების კონტროლი ვიდეოკამერებით, ვერ ვაჯარიმებთ, აქედან გამომდინარე, თავისუფლად დადიან და სამწუხაროდ, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მალე მოხდება მოპედების დარეგისტრირება და მათაც ექნებათ მართვის მოწმობები ასაღები“, – აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება გარდაცვლილთა სტატისტიკას, მინისტრი ამბობს, რომ მონაცემები „კატასტროფულად გაზრდილი არ არის“.

„მოპედებით გარდაცვალება ნაკლებია. მძლავრ მოტოციკლეტებზე, რომელსაც A კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება უფრო ხშირი შემთხვევებია. როგორც მახსოვს, კანონპროექტი ორი მოსმენით გატანილია პარლამენტში და მალე დავარეგისტრირებთ“, – განაცხადა გომელაურმა