გორში ორ ადამიანს – მამას და შვილს ესროლეს.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში მოხდა.
ინფორმაცია თავდაპირველად qartli.ge-მ გაავრცელა.
რამდენიმე გასროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა, მამა კი დაჭრილია.
შსს-ის განცხადებით, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.