გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება - კალაძე

პუბლიკა

გუდიაშვილის მოედანზე არსებული მუნიციპალური ფართები აუქციონის წესით გასხვისდება. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კერძო სექტორს მიეცემა შესაძლებლობა, რეაბილიტირებული სივრცეები ბიზნესსაქმიანობისთვის გამოიყენოს და სწორი ფორმით განავითაროს.

კახა კალაძის თქმით, პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩაერთვება, რათა გუდიაშვილის მოედანი სწორად განვითარდეს.

„ჩვენს ბიზნესსექტორს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთარებაა, გამოიყენოს. მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების აუქციონზე გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რათა შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული, თუმცა, ამ პროცესში პარალელურად, დედაქალაქის მერია იქნება ჩართული, რათა გუდიაშვილის მოედანი იყოს სწორად განვითარებული და ჩვენ არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება, არ იყოს მისაღები ქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს.

ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორი ფორმით, რომ ეს იყოს მიზიდულობის ცენტრი, სადაც თითოეულ თბილისელს, თითოეულ ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი, მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე, დაისვენოს, გაერთოს და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ  ასევე, ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, იმუშაოს ამ მიმართულებით, დაამაყაროს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, მოამზადოს პრეზენტაციები და რაც შეიძლება სწრაფად გამოიტანონ ფართები აუქციონისთვის.