გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს

პუბლიკა

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებული ზაზა მურჯიკნელის აღმკვეთის ღონისძიების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს.

როგორც ბრალდებული ამბობს, მას დანაშაულთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ის იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება სწორ გზას დაადგება და მას გაათავისუფლებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი,  ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს – გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.