დღეს გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმე არსებით ეტაპზე გადადის. შემდეგი სხდომა 13 ივლისს გაიმართება. საქმეს გრიფი საიდუმლო აქვს მინიჭებული.
„მე აქ დღეს მოვედი იმ მიზნით, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია. ჩემი ხედვით, ვიდეოში ასახული პიროვნებისა და იმ ადამიანის, ვინც სასამართლო დარბაზში იყო, ფიზიკური მონაცემები განსხვავებულია. ეს ბევრად მომცრო ტანის არის, შესაბამისად მაქვს კითხვები. მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მე მაქვს ამ დროისთვის საფუძველი, შევიტანო ეჭვი იმაში, რომ ის ნამდვილად არის ჩემზე თავდამსხმელი და ამაზე მოგვიანებით მე მეტის თქმა შემეძლება, დეტალებს „ფორმულას“ ეთერში გაიგებთ“, – განაცხადა გურამ როგავამ.
ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელსა და დაცვის პოლიციის 1 თანამშრომელს – გ.კ.-ს, ზ.ჩ.-ს ა.ბ.-ს, ტ.ბ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება პროკურატურამ 8 მაისს წარუდგინა.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.