გვაქვს სარწმუნო ინფორმაცია, რომ რუსებმა დახოცეს უკრაინელები, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ - აშშ

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ბეთ ვან შააკის თქმით, მათ აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა დახოცეს უკრაინელები, რომლებიც მათ ტყვედ ჩაბარდნენ. მისი თქმით, თუკი ეს საბოლოოდ დამტკიცდა, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის კიდევ ერთი მტკიცებულება იქნება.

„სარწმუნო ინფორმაციით, რუსულმა დანაყოფმა, რომელიც დონეცკის მისადგომებთან იმყოფებოდა, სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც მათ ტყვედ ბარდებოდნენ, იმის ნაცვლად, რომ ისინი დაეკავებინათ“, – განაცხადა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ბეთ ვან შააკმა. მისი თქმით, ეს ომის წესების ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაა.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, არსებობს სარწმუნო ინფორმაცია მოქალაქეთა სიკვდილის დასჯის შემთხვევებზე, სექსუალური ძალადობის ფაქტებზე, დაფიქსირებულია ნაწამები სხეულები.

„ეს ანგარიშები და ფოტოები აჩვენებს, რომ ის, რაც რუსებმა ჩაიდინეს, არ ყოფილა მხოლოდ ინდივიდუალური ან კონკრეტული დანაყოფების სისასტიკე. საპირისპიროდ, ეს აჩვენებს სისტემური ძალადობის ძალიან შემაშფოთებელ სახეს, რომელსაც რუსულ სამხედრო ძალებში ვხედავთ“, – თქვა ვან შააკმა.

ვან შააკმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯონ როგორც უშუალოდ ამ ძალადობის ჩამდენი, ისე ბრძანების გამცემი პირები.