გვსურს, მივმართოთ სასამართლოს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებიდან მოიხსნას - ირმა ნადირაშვილი

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ევროპულ საქართელოს“ აქვს ინიციატივა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებიდან მოიხსნის მოთხოვნით. მან მიმართა უმრავლესობის წევრებს, რომ ხელი მოაწერონ ამ იციატივას.

„ჩვენ, „ევროპული საქართველო“ დღეს ვაყენებთ იციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ამისთვის საკმარისია 30 პარლამენტის წევრის ხელმოწერა, რათა მოვითხოვოთ არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნა. 20 ჩვენი ხელმოწერა იქნება და დანარჩენზე კი მივმართავთ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები. თუ ეს გუნდი [პატრიოტთა ალიანსი] არ არის თქვენი გაგრძელება, მაშინ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.


რამდენიმე დღის წინ პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნდა საგამოძიებო სტატია, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევასა და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს.

საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე, ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს. „დოსიეს“ მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან.

ეს არის სამუშაო ფინანსური დოკუმენტები და ანგარიშები. სწორედ ამ დოკუმენტებში ფიგურირებს „პატრიოტთა ალიანსი“. „დოსიეს“ საგამოძიეობო სტატიის შემდეგ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნა მოითხოვეს. „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.