GWP: თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი... ფაქტს ვიკვლევთ, გავატარებთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე საერებილიტაციო სამუშაოებისას სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გადაბრუნებული სატვირთოდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. თბილისის მერიაში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე სამუშაოებს GWP აწარმოებს.

GWP -ში ადასტურებენ, რომ სატვირთოში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა. კომპანიაში აღნიშნულ ფაქტს იკვლევენ და მოკვლევის დასრულებისთანავე, კონტრაქტორის მიმართ გაატარებენ შესაბამის სამართლებრივ ზომებს.

„რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია. მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი. ჯივიპის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს“,- აცხადებენ კომპანიაში.