აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები ეხმაურებიან „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობის უფლების ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებას უერთდებიან კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი, სენატორი ჯონ კორნინი, ასევე, სტივ კოენი და მარკ ვისი.
ისინი შეშფოთება გამოხატავენ, რომ პორტის განვითარებას უხელმძღვანელებს კომპანია, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული და აღნიშნავენ, რომ ეს გავლენას მოახდენს როგორც ჩინეთის შესაძლებლობაზე, გააგრძელოს ეკონომიკური ზეწოლა შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს მომავალზე.
„ამ პროექტში ჩართული კომპანიები, მათ შორის China Communications Construction Company, ხშირად იყენებენ ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებს, რათა მოახდინონ მასპინძელი ქვეყნების ექსპლუატაცია და დესტაბილიზაცია, ასევე გაზარდონ მათი ჩინეთზე დამოკიდებულება. ჩინეთის მზარდი წარმომადგენლობა შავი ზღვის რეგიონში, რუსეთისგან თანამშრომლობით, ამცირებს რეგიონის უსაფრთხოებას და ზღუდავს თავისუფალ ვაჭრობას.
ამ შეთანხმების განხორციელებით „ქართული ოცნება” კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიას და მის შესაძლებლობას, თავად განსაზღვროს საკუთარი ეკონომიკური მომავალი. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას”, რომ გადახედოს ამ გადაწყვეტილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ჩინური კომპანია, რომელმაც ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს, აშშ-ის მიერ არაერთგზის არის სანქცირებული.
China Communications Construction Company Limited (China) – CCCC იმ კონსორციუმში შემავალი კომპანიაა, რომელიც, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორად შეირჩა.
CCCC-ს 2020 წელს 34 შვილობილი კომპანია ჰყავდა. მათგან 5-ს ამერიკის შეერთებულმა შტატების ვაჭრობის დეპარტამენტმა 2020 წლის 26 აგვისტოს სანქციები დაუწესა „სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო ფორპოსტების აშენებისთვის, რომლებიც არღვევენ სუვერენიტეტს და აზიანებენ გარემოს. ასვეე, იმისთვის, რომ ისინი ეხმარებიან ჩინეთის სახელმწიფოს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო კუნძულების აშენებაში.
აშშ-ის შეფასებით, ამით ჩინეთის კომუნისტურ პარტია (CCP) შეარყევს აშშ-ის პარტნიორების სუვერენულ უფლებებს რეგიონში.