ჰიპოთეზა „ბე-ცე-ჟე" ვაქცინაზე მეცნიერულად დადასტურებული არ არის - იმნაძე

პუბლიკა

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ ჰოპოთეზაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, „ბე-ცე-ჟე” ვაქცინით აცრილ ადამიანებს კორონავირუსი ნაკლებად ემართებათ და უფრო მარტივად გადაიტანენ.

მისი თქმით, მსგავსი ჰიპოთეზა ასევე გამოქვეყნდა წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინაზეც, განსაკუთრებით წითურას კომპონენტზე, რომელზეც საუბრობენ, რომ არის დამცველობითი ეფექტის მქონე, არა იმით, რომ იცავს ავადმყოფობისგან, არამედ იმით, რომ ადვილად გადაიტანენ ვირუსს. პაატა იმნაძე ხაზს უსვამს, რომ ეს ჰიპოთეზები მეცნიერულად დადასტურებული ჯერ არ არის.

„ეს ორი ჰიპოტეზა, რომელიც არ არის ჯერ მეცნიერულად დამტკიცებული, თუ მართალი აღმოჩნდება, ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან კარგია მოცვა, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობის წითელა-წითურა-ყბაყურის ვაქცინით. პრაქტიკულად, ყველა არის ჩვენთან ბე-ცე-ჟეთი აცრილი და ეს არ არის ახალი თაობა მარტო, ეს არის ძველი თაობაც, იმიტომ, რომ ეს ვაქცინა ძალიან ფართოდ გამოიყენებოდა ჩვენს ქვეყანაში. თუ ეს ჰიპოთეზები მართალია, ჩვენ გაცილებოთ უფრო დაცულები ვიქნებით, ვიდრე სხვები არიან სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა იმნაძემ.