IAEA-ს მისიის ვიზიტის დღეს ენერჰოდარი და ზაპორიჟიის ატომური სადგური კიდევ ერთხელ დაბომბეს

პუბლიკა

უკრაინული ბირთვული ენერგიის ოპერატორის Energoatom-ის განცხადებით, ენერჰოდარის დაბომბვის შედეგად დღეს ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორი გამოირთო და ამუშავდა საგანგებო უსაფრთხოების სისტემა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი დამხმარე საჭიროებებისთვის.

მეხუთე რეაქტორის გამორთვის შემდეგ, ატომურ ელექტროსადგურში ექვსიდან მხოლოდ ერთი რეაქტორიღა აგრძელებს მუშაობას.

ნიკოპოლის რაიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იევჰენ იევტუშენკოს თქმით, რუსეთმა ენერჰოდარის დასაბომბად არტილერია და ვერტმფრენები გამოიყენა. ქალაქის მერის თქმით კი, დაბომბვას მსხვერპლიც მოჰყვა.

რუსული მხარე ენერჰოდარისა და ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვაში უკრაინას ადანაშაულებს.

ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ (IAEA) უნდა მოინახულოს. მისიის წევრები სადგურში არსებულ სიტუაციას შეისწავლიან. მისმა ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსმა სურვილი გამოთქვა, რომ მისიის წევრები სადგურის მუშაობას მუდმივად აკვირდებოდნენ.

გაერო ინიციატივით გამოდის, რომ ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადდეს. კიევში კი აცხადებენ, რომ რუსეთი ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს ერთი მხრივ, სამხედრო ფარად, მეორე მხრივ, კი საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟისთვის იყენებს.