იაპონური ტაბლოიდური გამოცემა Shūkan Bunshun წერს, რომ „პუტინის მომხრე დიქტატორის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი ტოკიოში ნახეს”.
Shūkan Bunshun ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ქვეყანას კულისებიდან მართავს – მის უფროს შვილს ტოკიოში საიდუმლო შეხვედრა აქვს ელჩთან.
Shūkan Bunshun-ის სტატია სრულად „სტუდია მონიტორმა” თარგმნა.
სტატიის თანახმად, რესტორანში ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ კოსტიუმში ჩაცმულმა კაცმა მეორეს დიდი შავი ჩანთა გადასცა და ქართულად უთხრა:
„აქ არ გახსნა. იმედია, ეს დაგეხმარება”.
ამის შემდეგ სპორტულ ტანსაცმელში ჩაცმულმა კაცმა რესტორანი დატოვა, პიკაჯში ჩაცმული კაცი კი დარჩა – სწორედ პიჯაკიანი კაცია ელჩი თემურ ლეჟავა, სპრტულებში ჩაცმული კი – უტა ივანიშვილი.
იაპონური მედია წერს, რომ უტა ივანიშვილი მდიდრულად ცხოვრობს, თუმცა, ეს არ ეტყობა, დადის ფეხით ან მატარებლით, მეგობრების წრის გასაფართოებლად გაცნობის აპლიკაციებს იყენებს და ტოკიოს ბარებში გამართულ საერთაშორისო გაცვლით ღონისძიებებს ესწრება.
ასევე, გამოცემის თანახმად, უტა ივანიშვილი ზოგჯერ წვეულებებსაც მართავს რუს მეგობრებთან ერთად.
Shūkan Bunshun წერს, რომ უტა ივანიშვილმა ტოკიოში იყიდა ბინა 500 მილიონ იენად [დაახლოებით 3.3 მილიონი აშშ დოლარი], სანამ მისი აქტივები გაიყინებოდა.
ბინა მდებარეობს ტოკიოში, მთავარ ადგილას, ძვირადღირებული საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე, ფართობი კი დაახლოებით 115 კვადრატული მეტრია. რეგისტრაციის მიხედვით, ა-მ, რომელიც ტოკიოში სხვა ძვირადღირებულ რეზიდენციაში ცხოვრობდა, ქონება სესხის გარეშე წინა წლის 27 ივნისს იყიდა.
გამოცემის ჟურნალისტმა 2 თებერვალს უტა ივანიშვილთან ლაპარაკიც სცადა.
ივანიშვილმა მას უთხრა, რომ იაპონიაში 2.5 წელია, ცხოვრობს და თამაშების დიზაინერია.