იმედია, დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?! - მეუფე ნიკოლოზი

პუბლიკა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი სააღდგომო ლიტურგიის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ რას გადაწყვეტს საპატრიარქო, დიდი ხუთშაბათის შემდეგ გახდება ცნობილი. მისი პოზიციით, სააღდგომო წირვა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

„ღმერთმა დაგვიფაროს ისეთი რამ მოხდეს, რომ წირვა არ ჩატარდეს. წირვა აუცილებლად ჩატარდება, რაც შეეხება დასწრებას, ვერაფერს ვერ გეტყვით, იმედია, რომ დაესწრება ხალხი, აბა, რისთვის ტარდება?!

კომენდანტის საათი ზღუდავს კონტაქტებს, გადაადგილებას, მაგრამ არ არის მოსახლეობის საწინააღმდეგო, არის პრევენცია. თუ იმის აუცილებლობა იქნება, რომ ღამე წირვაზე მოვიდნენ ადამიანები, მე ვერ გეტყვით, მთავრობის მაგივრად ვერაფერს ვერ ვიტყვი, როგორ შემიძლია რამე ვთქვა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ მთავრობა ან ხალხს დაუპირისპირდეს, ან ეკლესიას, რატომ?

თუ ჩვენ მოვალთ და წირვას ჩავატარებთ, ე.ი. ჩვენც კანონს ვარღვევთ? ჩვენც უნდა გადავიხადოთ ჯარიმა? საღამოს 21:00 საათზე როგორ მოვალთ და მთელი ღამე ტაძარში როგორ ვიქნებით? რა თქმა უნდა, კონსულტაციებს არ გამოვრიცხავთ. ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ დიდი ხუთშაბათის შემდეგ”, –  აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როგორ ჩატარდება აღდგომის ლიტურგია, რომელიც ტაძრებში ტრადიციულად ღამის 00:00 საათზე იწყება და გამთენიისას სრულდება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აღდგომის მოახლოების პარალელურად იმსჯელებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, არ იცვლება ზიარების წესი. საქართველოს პატრიარქის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით კი სასულიერო პირებს მიეცათ რეკომენდაცია: გაითვალისწინონ კომენდანტის საათი, ტაძრები დაიხუროს საღამოს 8 საათისთვის; ტაძრის ეზოში გაკეთდეს 1.5-იანი დისტანციის ნიშნულები; ხატები უნდა გაიწმინდოს სპირტით ან ვარდის წყლით და დაიცვან ეკლესიაში ჰიგიენის ყველა ნორმა.