ინფექციურის ახალ შენობაზე მოლაპარაკებების შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი - ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს შენობასთან დაკავშირებით მოლაპარაკების კონკრეტული შედეგი საზოგადოებისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდება. ამის შესახებ მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა.

„ინფექციური საავადმყოფოს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩვენ არანაირი პროგრამა არ გვაქვს წარმოდგენილი. როგორც თქვენთვის ცნობილია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გარკვეულ შენობებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მოლაპარაკებებზე უფრო კონკრეტული შედეგები ცოტა მოგვიანებით იქნება. თქვენ ხედავთ, რომ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო სექტორის საავადმყოფოების გაძლიერებაზე და ეს შეთანხმებები საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს ცნობით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები 2009 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიჰყიდა შპს „ავერსი-ფარმას“ იმ პირობით, რომ ცენტრს ახალი ფართი და შენობა ექნებოდა, მაგრამ ეს არ გაკეთდა და ცენტრი დღემდე ძველ ტერიტორიაზე რჩება. 2009 წლამდე დაკავებული შენობა-ნაგებობების ნაწილში (მეორე ნაწილი შპს „ავერსი-ფარმამ“ წაიღო), რომელიც 2019 წლის 1 ივლისამდე იჯარით ჰქონდა აღებული, საქმიანობა უმძიმეს, გაუსაძლის პირობებში უწევთ.

„ასე ვამარცხებთ covid-19-ს” – დღეს, 25 მაისს ამ სათაურით ინფექციური საავადმყოფო იმ ადმინისტრაციული შენობის ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მათ შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის.

როგორც „პირველ არხთან” საუბრისას ავერსის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე აცხადებს, „პროცედურულად, ჯერ გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება, და შემდგომ მოგვმართავენ და ჩვენ განვაცხადებთ თანხმობას. რომც არ მოგვმართონ, ჩვენ დაწყებული გვაქვს ჩვენი პროცედურები, ვამზადებთ პროექტს, რის შემდეგაც, მივმართავთ მერიას. გარკვეული რეკონსტრუქცია გვინდა სახურავის ნაწილში, და ნებართვის მიღების შემდეგ, თვითონ, ჩვენი სახსრებით გადავხურავთ სახურავს”.