იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის პროექტში ცვლილებები შევიდა - კალაძე

პუბლიკა

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება.

კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს.

„საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი – გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება.