ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე დანიშნა

პუბლიკა

ირაკლი კობახიძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ სარჯველაძე წარადგინა.

სარჯველაძე ამ დრომდე პარლამენტის დეპუტატი  და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, ჰქონდა კონსულტაციები ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით.

„მქონდა კონსულტაციები როგორც ჩვენი გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, უნდა ყოფილიყო თუ არა ახალი მინისტრი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი. აზრი იყო ზუსტად ორად გაყოფილი. ნაწილი  მიიჩნევდა, რომ კანდიდატი აუცილებლად სამედიცინო სფეროდან უნდა ყოფილიყო. მეორე – ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.

საბოლოოდ უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა, გაცნობოთ, რომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა მიხეილ სარჯველაძე”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიმართ იმ გამოცხადებული ნდობისთვის, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩემთვის. პატივია, რომ მექნება საშუალება ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ვიყო სასარგებლო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. […] ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას”, – თქვა მან.

დეპუტატობამდე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროში 2013-დან 2020 წლამდე თეა წულუკიანის მოადგილე იყო, მანამდე – აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. საჯარო სამსახურამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.