აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საპროცესო შეთანხმების პირობებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეთანხმება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ დაამტკიცა.
ისაკო დევიძე 2026 წლის 17 იანვრიდანაა პატიმრობაში. ის ციხეში კიდევ 6 თვეს გაატარებს.
მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მოსამართლის შეურაცხყოფით სასამართლოს უპატივცემულობა (366-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (353 ტერცია მუხლი) ედებოდა.
ამ მუხლებით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა იყო.
2025 წლის 22 დეკემბერს ისაკო დევიძემ თავისი ადმინისტრაციული საქმის მოსამართლის, ზვიად ცეკვავას სამუშაო კომპიუტერს ხელი დაარტყა.
ზვიად ცეკვავა პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით წარმოებულ საქმეს განიხილავდა. საქმის განხილვისას ისაკო დევიძემ ვრცელი სიტყვით ისარგებლა, სიტყვის დასასრულს კი აღნიშნა:
„ხალხი, პოლიციელები, მანდატურები ერთმანეთს რომ ხოცავენ, ჭამენ, ამწარებენ აქ და ათასი საშინელება ხდება და როცა მოსამართლეს ამხელა ხელფასი აქვს და თავისი კაბინეტიდან, კომპიუტერიდან ვერ გამოდის, რა გგონიათ, რიგითი პროცესი იქნება ეს? მე არ ვაპირებ, რომ ეს რიგითი პროცესი იყოს“, – ამის შემდეგ კი ზვიად ცეკვავას მაგიდას მიუახლოვდა და მის სამუშაო კომპიუტერს ხელი ჰკრა.
კომპიუტერის მონიტორი მაგიდაზე დაეცა. ამის შემდეგ ისაკო დევიძე მანდატურის და პოლიციის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს და სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, შემდეგ კი სხდომა სხვა დარბაზში განახლდა. ცეკვავამ აქტივისტს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ადმინისტრაციულ პატიმრობაში ყოფნის დროს ცნობილი გახდა, რომ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
2026 წლის 17 იანვარს ისაკო დევიძის დამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ძმას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება მეორე მუხლს, ეს მუხლი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული პოლიციის დაუმორჩილებლობის/შეურაცხყოფის მუხლის (173-ე მუხლი) მესამედ დარღვევას გულისხმობს.
„ქართულმა ოცნებამ“ სისხლის სამართლის კოდექსს ეს მუხლი ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის საპასუხოდ 2025 წლის ოქტომბერში დაამატა.