ISFED: „ოცნების" ახალგაზრდული ფრთის აქცია პროპაგანდამ მოქალაქეების პროტესტად წარმოაჩინა

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნების მოკვლევით, დღეს, 13 ივნისს, პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქცია გაიმართა.

პროპაგანდისტულმა მედიამ შეკრება „მოქალაქეთა პროტესტად“ წარმოაჩინა“.

აქციის მოთხოვნა იყო, ბოდიში მოეხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს, რომელიც საქართველოს მტრად და „დიფ სთეითის“ მეგობრად გამოცხადდა.

12 ივნისს პოლონეთის სეიმში მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა, განაცხადა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირში მხარდაჭერის მოსაპოვებლად მუშაობს, რათა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს ან შეეზღუდოს, რის მიზეზადაც მან ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა და მიგრაციასთან დაკავშირებული წუხილები დაასახელა.

ამ განცხადებას საქართველოში ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, დავით მათიკაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან ტუსკისა და პოლონეთის მთავრობის საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელება მოჰყვა.

პროპაგანდისტული გზავნილები, თითქოს ეს აქცია „მოქალაქეთა პროტესტია“, აქტიურად გავრცელდა სოციალურ მედიაშიც.

„ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების აქცია პროპაგანდისტული მედიის მსგავსად გააშუქა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა – 12-საათიან გამოშვებაში წამყვანმა აქციას სტუდენტების ორგანიზებული უწოდა, ტიტრებში კი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სტუდენტებად იყვნენ მოხსენიებული.

პროპაგანდისტულმა მედიამ აქციის დამოუკიდებელ მონაწილედ წარმოაჩინა „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე – ვაჟა კოკაია. 

ISFED წერს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ წარსულში არაერთხელ გაუშუქებია კოკაია მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის სტატუსით, მათ შორის პირდაპირ ეთერშიც. ვაჟა კოკაია 2024 წლის 29 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე“, პარტიის ლიდერებთან – ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, კახა კალაძესთან და შალვა პაპუაშვილთან ერთად სიტყვითაც წარდგა.

გარდა ამისა, ISFED-ის თანახმად:

გიორგი შუკვანი, რომელიც პროპაგანდისტული მედიის მიერ აქციის მონაწილედ არის მოხსენიებული, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრია.  შუკვანის პარტიასთან კავშირის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც იძებნება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს გიორგი შუკვანი მონაწილეობდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის (ე.წ. „რუსული კანონის“) პოზიტიურად წარმოჩენის მიზნით თბილისში ბანერების გაკვრაში; ასევე, იმ სტუდენტებზე თავდასხმაში, რომლებიც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციას მართავდნენ და 2022 წელს პროევროპული აქციის მხარდამჭერი კამპანიის ხელშეშლაში.

„საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ მაყურებელს სტუდენტად წარუდგინა ვატო ბუცხრიკიძე, რომელიც, მის ფეისბუქპროფილზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ საჯარო ფეისბუქჯგუფებში იძებნება ვატო ბუცხრიკიძისა და ვახტანგ გომელაურის ფოტო, რომელიც ჯგუფში ბუცხრიკიძემ მას შემდეგ განათავსა, რაც გომელაურმა 2025 წლის 28 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა. პოლონეთის საელჩოსთან „ქართული ოცნების“ მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ბუცხრიკიძეს ეკავა პოსტერი წარწერით „პოლონელი ხალხი – ჩვენი მეგობარი! პოლონეთის პრემიერი – დიფ სთეითის მეგობარი!“.

პროპაგანდისტულმა მედიამ აქციის მონაწილედ მოიხსენია „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული  მარიამ მჭედლიძეც. მჭედლიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ და სამოქალაქო სექტორის მადისკრედიტირებელ კამპანიებში ჯერ კიდევ 2024 წლის საარჩევნო პერიოდში იყო ჩართული. საპარლამენტო არჩევნების დღეს „აჭარის ტელევიზიის“ საინფორმაციო გამოშვება „მთავარის“ წამყვანმა, გიორგი მიქელაძემ, პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია“ რამდენიმე წევრმა დატოვა – მათ შორის იყო მარიამ მჭედლიძე. მოგვიანებით, ორგანიზაციამ ოფიციალურად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მჭედლიძე ორგანიზაციის წევრი არასდროს ყოფილა.

არჩევნების შემდგომ პერიოდში „აჭარის ტელევიზიასა“ და „იმედთან“ ინტერვიუებში მარიამ მჭედლიძე „სირცხვილიას“ მადისკრედიტირებელ კამპანიას აგრძელებდა.

რუსეთის მაგალითი: ბუნებრივი აქციის სიმულაცია მმართველი რეჟიმის მიერ

„სამართლიანი არჩევნები“ მიუთითებს:

დამოუკიდებელი მოქალაქეების სახელით, მმართველი რეჟიმის დისკურსის ხელოვნურად აქტუალიზება და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერის ინსცენირება გავრცელებული პრაქტიკაა რუსეთში.

მაგალითად, 2021 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდა პუტინის მხარდამჭერი „ფლეშმობების” ვიდეოებს, რასაც სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლების სპონტანურ აქციად წარმოაჩენდა. როგორც დამოუკიდებელმა მედია „მედუზამ“ გაარკვია, რეგიონებში ვიდეოგადაღება სინამდვილეში ორგანიზებული იყო პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთის“ ადგილობრივი წევრების, თანამდებობის პირებისა და მხარდამჭერი ბიზნესმენების მიერ ფედერალური ხელმძღვანელობის დავალებით.

საგულისხმოა, რომ რუსეთის ხელისუფლება დამოუკიდებელი აქციის სიმულირებისთვის სატელიტ ორგანიზაციებსაც იყენებდა. მაგალითად, 2012 წლის თებერვალში მოსკოვში, ბალოტნაიას მოედანზე, ანტისამთავრობო მიტინგების მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის 21 რეგიონში პუტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

„სიმბოლურია, რომ აქცია არა პოლიტიკური ორგანიზაციის, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული და ჩატარებული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამჟამინდელი მთავრობის კურსს ფართო სპექტრი უჭერს მხარს“ – აცხადებდა „ერთიანი რუსეთის“ რეგიონული პოლიტიკური საბჭოს მდივანი, ანატოლი ტიხომიროვი, აქციის შედეგების კომენტირებისას.

პუტინის რეჟიმის მიერ დადგმული აქციები რუსეთის საზღვრებსაც სცდება. მაგალითად, 2023 წელს „ლე მონდმა“, ორგანიზაცია „დოსიეს ცენტრთან“ და რამდენიმე ევროპულ მედიასაშუალებასთან პარტნიორობით, ევროპის რამდენიმე ქალაქში ათეული ყალბი დემონსტრაცია გამოავლინა.

იდენტური წარწერა – „შეწყვიტეთ უკრაინაში იარაღის გაგზავნა! ზელენსკი დონეცკსა და ლუგანსკს ბომბავს!“ დატანილი იყო ორ პლაკატზე, რომელთაგან ერთი ფრიალებდა ჰააგაში 2023 წლის 28 იანვარს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე, ხოლო მეორე პარიზში – იმავე წლის 11 თებერვალს საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციის დროს.

სქემა ასე გამოიყურებოდა – სამი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი იღებდა საკუთარ თავს უკრაინის ან ნატოს საწინააღმდეგო პლაკატებით ხელში და შემდეგ ფოტოებს აქტიურად ავრცელებდა სოციალური მედიის პლატფორმებზე. მათ უკან სრულიად განსხვავებული მიზნით მისული დემონსტრანტების სიმრავლე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მოქალაქეთა მრავალრიცხოვანი შეკრება პლაკატებზე მოცემულ მოთხოვნებს უკავშირდებოდა.

რუსეთის სადაზვერვო სამსახურების შიდა დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე, „ლე მონდმა“ დაადასტურა, რომ რუსეთი ამ ოპერაციებს კოორდინაციას უწევდა.