ისრაელის დარტყმა ირანზე / რა ვიცით ამ დროისთვის 

პუბლიკა

მასალა მომზადებულია BBC-ის მასალებზე დაყრდნობით

ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას ირანში სამხედრო ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანა.

ამ იერიშებმა, ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, იმსხვერპლა ისლამური რევოლუციური გვარდიის მეთაური ჰოსეინ სალამი, რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო პირი და მეცნიერი.

ისრაელის სამხედრო ძალების თქმით, პარასკევს დილითვე ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რომლებიც  ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეტევის სამიზნეში მოხვდა, მათ შორის, ირანის მთავარი ურანის გამამდიდრებელი ობიექტი.

სამხედრო დეტალები:

თეირანში აფეთქებები დაახლოებით 03:30 დაფიქსირდა. აფეთქებების ხმა  დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც ისმოდა.

ისრაელის არმიის ცნობით, იერიშები მოიცავდა “სამხედრო ობიექტების და ბირთვული ობიექტების ათობით სამიზნეს.”

რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც თეირანიდან დაახლოებით 225 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. IDF-მა დაადასტურა შეტევა და განაცხადა, რომ სერიოზული დაზიანება მიაყენა ობიექტს.

IAEA-მ (ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო) განაცხადა, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს ისინი, რომ ნატანზში რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.

IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ მოუწოდა ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა სერიოზულ რისკებს ქმნის როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

ისრაელის პოზიცია:

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, ოპერაციის მიზანი იყო ირანისგან მომდინარე საფრთხის განეიტრალება.

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანი ახლო მომავალში შეიძლება ბირთვული იარაღის შექმნასთან ძალიან ახლოს აღმოჩნდეს და რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეჩერდეს.

მან ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტრამპს ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მოქმედებისთვის.

ირანის რეაქცია:

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ ისრაელი “მკაცრ სასჯელს” უნდა ელოდეს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაგჩიმ იერიშს „ომის გამოცხადება“ უწოდა.

ირანმა ასევე გაუშვა 100-მდე დრონი ისრაელის მიმართულებით და განაცხადა, რომ არ დააყოვნებს თავის სუვერენიტეტის დაცვისთვის საჭირო ზომების მიღებას.

რა თქვა დონალდ ტრამპმა:

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანს „შანსი მისცა“, რათა შეთანხმება შეედგინათ, მაგრამ „მათ ეს ვერ მოახერხეს“.

„ზოგიერთი ირანელი მაღალჩინოსანი მამაცურად ლაპარაკობდა, მაგრამ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ელოდებოდათ,“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში და დაამატა: „ისინი  ყვალანი ახლა  მკვდრები არიან.“

„უკვე დიდი სიკვდილი და განადგურება მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა შეწყდეს – შემდეგი, უკვე დაგეგმილი იერიშები, კიდევ უფრო სასტიკი იქნება.“

„ირანმა ახლა უნდა დადოს შეთანხმება, სანამ ყველაფერი არ განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერია იყო. მეტი სიკვდილი აღარ! მეტი განადგურება აღარ! გააკეთეთ ეს – სანამ ძალიან არ არის დაგვიანებული!“

საერთაშორისო რეაქცია:

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეტევაში არ მონაწილეობდა და მისი პრიორიტეტია ამერიკელი სამხედროების დაცვა რეგიონში.
  • ომანი – რომელსაც შუამავლის როლი აქვს აშშ-ირანის მოლაპარაკებებში – ისრაელს ადანაშაულებს ესკალაციაში.
  • ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია, თურქეთი, საუდის არაბეთი და ინდონეზია – ყველამ გამოხატა შეშფოთება და მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.
  • გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა მხარეებს მოუწოდა თავშეკავებისკენ.

დაღუპულები:

ისრაელის განცხადებით, დაღუპულია სამი მაღალი რანგის სამხედრო:

  • ჰოსეინ სალამი – ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის სარდალი
  • რაშიდ ღოლამალი– ხათამ ალ-ანბიას შტაბის მეთაური
  • მოჰამად ბაღერი – ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

ასევე დაიღუპა:

         ამირ ალი ჰაჯიზადე – გვარდიის საჰაერო ძალების მეთაური და ექვსი ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე მეცნიერი. 

ირანის მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძიმედ დაშავდა აიათოლა ხამენეის მრჩეველი ალი შამხანი.

რა ვიცით ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ:

ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი, მათ შორის IAEA, სკეპტიკურად არიან განწყობილი.

ამ კვირას IAEA-მ ირანი დაადანაშაულა არადეკლარირებული ბირთვული მასალის დაფარვაში და აღნიშნული იყო, რომ ირანმა გაამდიდა ურანი 60%-მდე, რაც ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონეს უახლოვდება.

IAEA-ს განცხადებით, ირანს შესაძლოა ჰქონდეს შესაძლებლობა, მცირე ხანში 9 ბირთვული ბომბის დასამზადებლად საჭირო მასალა აწარმოოს.