იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ვეკუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ თანამდებობას ტოვებს.

„როგორ ეწერა სენიორ პესოას? – არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე… ყველას გვაქვს ასეთი. მე – ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ.

ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანმა განგებას აჩუქოს. მათ შორის იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ – ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტრაცები და ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს… მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის“, – წერს ირაკლი ვეკუა.

თანამდებობა დატოვა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩმა დავით სოლომონიამ. გადადგა საქართველოს ელჩი ბულგარეთშიც.

28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ  ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

ამ გადაწყვეტილებას მესამე დღეა თბილისსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეები აპროტესტებენ. პარლამენტთან აქციებზე ჯამში 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეის, სცემს აქციის მონაწილეებს.