იტალიაში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ იტალიაში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე დაუკავშირდა ქალაქ ვიტერბოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალი, რომელიც მაღალ სიცხესა და სისუსტეს უჩიოდა. მინისტრის ცნობით, საქართველოს საკონსულო დაუკავშირდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს, რის შემდეგაც მოქალაქე სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა რომის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

საქართველოს მოქალაქეს გამოკვლევის საფუძველზე, დღეს მიღებული პასუხის შედეგად, დაუდგინდა კორონავირუსი. მოქალაქე რომის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და შესაბამის მკურნალობას გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

საბჭოს სხდომაზე ანგარიში ჯანდაცვის მინისტრმაც წარადგინა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კარანტინში კი 100-ზე მეტი ადამიანი რჩება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საბჭომ  მოისმინა ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ, რაც გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დანიშნულების დაწესებულებაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას. როგორც ცნობილია, აღნიშნული ასევე მოიცავს დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას.

დღევანდელ სხდომაზე კვლავ აღინიშნა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. 3 პაციენტის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.