იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა

პუბლიკა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ, სამთავრობო კოალიციაში შექმნილი კრიზისის გამო, საბოლოოდ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.

მარიო დრაგიმ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო, მას შემდეგ, რაც მისი კოალიცია პოლიტიკური განხეთქილების გამო დაიშალა, მაგრამ მარიო დრაგის თხოვნა იტალიის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა და სთხოვა, რომ კიდევ ერთხელ მიემართა პარლამენტისთვის, თანამდებობიდან კი იმ შემთხვევაში წასულიყო, თუ საკმარის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა.

პარლამენტში მარიო დრაგისთვის ნდობის გამოცხადებისგან მისი კოალიციის სამმა პარტიამ შეიკავა თავი, რის გამოც მან საბოლოოდ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

იტალიის პრეზიდენტის განცხადებით, დრაგის მინისტრთა კაბინეტი გააგრძელებს ქვეყნის მართვას მომავალ არჩევნებამდე. არჩევნები 2023 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ მისი ვადა გადმოიწევს და ოქტომბერში ჩაინიშნება.

იტალიის სამთავრობო კოალიციაში კრიზისი ულტრამემარჯვენე, პოპულისტურმა პარტიამ წამოიწყო. „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა დრაგის მიერ შემუშავებულ ეკონომიკურ პაკეტს, რომელიც მაღალი ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური პრობლემების ეფექტის შემსუბუქებისთვის ზომების გატარებას ითვალისწინებდა.

მარიო დრაგი ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორი იყო და ხელისუფლებაში 2021 წელს, კონკრეტული პარტიული მხარდაჭერის გარეშე მოვიდა. ის მხარს უჭერდა ევტოატლანტიკურ ინსტიტუტებს და მჭიდრო თანამშრომლობას დასავლეთის ქვეყნებთან.

როგორც BBC წერს, დრაგი იტალიაში პოპულარული ფიგურაა. მან თავი გამოიჩინა ევროზონის კრიზისისა და კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული სირთულეების დაძლევით. ის გამოკვეთილად უჭერდა მხარს უკრაინის ხელისუფლებას, რასაც აკრიტიკებდნენ როგორც იტალიელი ოპოზიციონრების ნაწილი, ისე მის კოალიციაში შემავალი პოპულისტი პოლიტიკოსები.

რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც დრაგის კოალიციურ მთავრობაში განხეთქილება დაიწყო. ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს დაუპირისპირდა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას გამოკვეთილად უჭერდა მხარს.