იუკნევიჩიენე: სანქციები მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დანაშაულს სჩადის, მათ ოჯახებსაც ეშინიათ, რადგან ბევრი მათგანი ევროპაში ცხოვრობს

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომის შემდეგ რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ეკა გიგაურთან, ქეთი ხუციშვილთან და ნინო ევგენიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე მათ ისაუბრეს საქართველოში არსებულ მდოგმარეობაზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და „ქართული ოცნებისთვის“ სანქციების დაწესების საჭიროებაზე.

„უნგრეთის გამო, რომელიც ძალიან ახლოსაა ამ რეჟიმთან, მე პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ უნგრეთი და უნგრეთის პოლიტიკა საქართველოს ოცნების რეჟიმის საუკეთესო მეგობარია […]

ასე რომ, ეს არის ნახსენები ჩვენს რეზოლუციებში, ჩვენ ამას ვახსენებთ ანგარიშში და ვიბრძოლებთ. გაერთიანებული სამეფო ასევე საუბრობს ამ საკითხზე, მაგრამ მე მსურს მათგან მეტი ჩართულობა, სხვათა შორის, შეერთებული შტატებიც. MEGOBARI აქტი უკვე მიიღეს წარმომადგენელთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობით.

საუბარია სანქციებზე, ეს არის ძალიან ძლიერი ნაბიჯი შეერთებული შტატების მხრიდან. ახლა ეს აქტი სენატშია და ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება მალე იქნება მიღებული.

სანქციები მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, ვინც დანაშაულებს სჩადის, მათ ეშინიათ სანქციების, მათ ოჯახებსაც ეშინიათ, რა თქმა უნდა, რადგან ბევრი მათგანი ევროპაში ცხოვრობს, ისინი აბრალებენ ყველაფერს ევროკავშირს. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანია,“ – თქვა რასა იუკნევიჩიენემ.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, რომ არის ბევრი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებას ევროკავშირს შეუძლია.

„დიახ, ჩვენ გვსურს მეტი სანქციები, მიზნობრივი სანქციები. ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოიყენონ ეს მექანიზმი, რომელიც მათ ხელშია და არ გამოიყენონ სანქციები ხალხის წინააღმდეგ. ვგულისხმობ, რომ უვიზო რეჟიმის გადახედვის შესახებ ბევრი, ბევრი დისკუსია მიმდინარეობს.

არა, არის ბევრი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს უვიზო ქართველი ხალხისთვის,“ – თქვა ეკა გიგაურმა.

ნინო ევგენიძემ,  ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ჩვენ გვჭირდება, რომ მეტმა ცალკეულმა ქვეყანამ შეიყვანოს [სანქციების] სიაში ყველა ეს ადამიანი, ვინც მხარს უჭერს რუსეთის რეჟიმს საქართველოში“.

ქეთი ხუციშვილმა, „ღია საზოგადოების ფონდის“ დირექტორმა თქვა, რომ ისინი ითხოვენ ევროპისგან მეტ მხარდჭერას. ხუციშვილის თქმით, საჭიროა უფრო მკაცრი მოპყრობა „ქართული ოცნების“ მიმართ.

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ ევროპას მხარდაჭერა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმას, რაც უკვე გაკეთდა ევროპარლამენტსა და კომისიაში, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი გვინდა. მეტი მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი და უფრო მკაცრი მოპყრობა ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ნამდვილად იმსახურებს სანქციებს და კიდევ უფრო მეტს“, – თქვა ქეთი ხუციშვილმა.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა პოლიტიკურ პატიმრებზე. რასა იუკნევიჩიენემ ახსენა მზია ამაღლობელი, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი.

„ჩემი მოწოდება იქნება ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ჟურნალისტთა საზოგადოებისთვის, რომ აღვნიშნოთ, განსაკუთრებით მზია ამაღლობელი, ჟურნალისტი. ის საქართველოში ყველა დაპატიმრებული ადამიანის სიმბოლოდ იქცა.

და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვხატოთ მეტი სოლიდარობა მზიას, მისი ბრძოლის, სიტყვის თავისუფლებისა და სხვა ყველაფრის შესახებ“, – თქვა რასა იუკნევიჩიენემ.