ჯანდაცვის ახალი მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა

პუბლიკა

ჯანდაცვის ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, მინისტრმა საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიიღო.

უწყების ცნობით, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პაციენტების ინტერესებისა და მედპერსონალის უფლებების დაცვა პირველი ამოცანაა.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე – მედპერსონალის ინტერესები“, – აღნიშნულია სამინისტროს პრესრელიზში.


ექიმები რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციას და საავადმყოფოს დანგრევას რამდენიმე თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. ისინი საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს მართავდნენ.

24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შეცვლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკურში დაწყებული პროცესი შეჩერდება. 1 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ის მის საქმიანობაში პრობლემას ხედავდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს შემთხვევამ კი ამაში დაარწმუნა.