ჯანდაცვის მინისტრს 3 ახალი მოადგილე ჰყავს 

პუბლიკა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს 3 ახალი მოადგილე ჰყავს.

უწყების ცნობით, თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც, აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” – გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც.

ილია ღუდუშაურმა და ირაკლი მხეიძემ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობები 12 მარტს დატოვეს. ირაკლი მხეიძე თანამდებობას 1 თვის განმავლობაში იკავებდა. მან თამარ ბარკალაია შეცვალა. ილია ღუდუშაური კი მოადგილედ წინა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის 3 იანვარს დანიშნა.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაა.