ჯანმოს მეცნიერთა ჯგუფი COVID-19-ის წარმოშობის შესასწავლად ვუჰანში ჩავიდა

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მოლაპარაკების შედეგად, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გუნდი ჩინეთის ქალაქ ვუჰანში ჩავიდა და COVID-19-ის პანდემიის წარმოშობის გამოძიებას იწყებს – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

10 მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი კვლევით დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და ზღვის პროდუქტების ბაზრობებზე მომუშავე პირებს გამოკითხავს.

COVID-19 პირველად ვუჰანში 2019 წელს გამოვლინდა.

მეცნიერთა ჯგუფის ჩინეთში ჩასვლას ვირუსის ხელახალი გავრცელება დაემთხვა, ამიტომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი სინჯებისა და მტკიცებულებების შესწავლის დაწყებამდე 2 კვირა კარანტინში უნდა გაატარონ.

გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ჯგუფის ერთი წევრი ჩინეთში შესვლამდე უკან გააბრუნეს, მეორე წევრი კი ტრანზიტის დროს შეაფერხეს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ შემსწავლელ ჯგუფს ჩინეთში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა ოფიციალურმა პეკინმა განმარტა, რომ ეს გაუგებრობა იყო და რომ საგამოძიებო ღონისძიებები კვლავ განიხილებოდა.


ჩინეთის ხელისუფლება თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ ვირუსის გავრცელება ჩინეთში არ დაწყებულა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, პროფესორმა დეილ ფიშერმა BBC-ს უთხა, რომ იმედი აქვს, საზოგადოება ამ ვიზიტს მიიღებს, როგორც სამეცინერო ვიზიტს. „ეს არ ეხება პოლიტიკას ან ვინმეს დადანაშაულებას, არამედ ეს არის მეცნიერული კითხვისთვის პასუხების მოძიების მცდელობა“ და დასძინა, რომ მეცნიერთა უმრავლესობას სჯერა, რომ ვირუსი „ბუნებრივი მოვლენაა“.