ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა, მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც მას ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა ბრალდებული პირი თბილისში დააკავეს.
რაც შეეხება მეორე სისხლის სამართლის საქმეს, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ორივე პირი დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, ის დავით ფეიქრიშვილის ჩხრეკის პროცესს ესწრებოდა. ანთაძე ამბობს, რომ ოპერაცია ღამის სამ საათზე ჩატარდა. მისი თქმით, ჯერ არც საქმის მასალები მიუღია და დაკავებულებს არც ბრალი აქვთ წარდგენილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ჩხრეკის დროს კანონსაწინააღმდეგო ნივთები არ ამოუღიათ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს.
გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელი ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იყვნენ დაკავებულნი; მათი სახელი უკავშირდებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს; 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფეიქრიშვილების აფეთქება, რისთვისაც 6 პირი დააკავეს. 2021 წელს ამავე საქმეზე დააკავეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი. 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი ბრალდებული იყო კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღობის საქმეზე.