კადიროვი მოუწოდებს მოსკოვს, რომ უარი თქვან კიევთან მოლაპარაკებაზე

პუბლიკა

ჩეჩნეთის ლიდერი, პრორუსული ხელისუფლების ხელმძღვანელი რამზან კადიროვი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, უკრაინასთან მოლაპარაკებები არ აწარმოოს. „მოლაპარაკება შეიძლება ვინმესთან აწარმოო, იქ კი არავინაა, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკების გამართვა“, – ამბობს ის.

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კადიროვი ამბობს, რომ უკრაინაში ბანდეროველები არიან და აუცილებელია მათი განადგურება.

„თუ ეს ეშმაკები ისევ ცოცხლები იქნებიან, ეს პრობლემაც არ მოგვარდება და გთხოვთ, რომ მიიღოთ მათი განადგურების გადაწყვეტილება, ძირფესვიანად განადგურების. გაანადგურეთ ეს ბანდერლოგები, ნაცისტები და ეშმაკები, რომლებიც თავს მუსლიმებს უწოდებენ“, – ამბობს კადიროვი.

მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ, როგორც ჩეჩნეთში, უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ხელისუფლება და ჰკითხონ ხალხს, თუ როგორ სურთ მომავალში ცხოვრება.

კადიროვი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს აქამდეც აკრიტიკებდა. ის ამტკიცებდა, რომ მისთვის უნდა მიეცათ საშუალება, ხელში აეღო „სამხედრო ოპერაცია“ და ამას თავს ბევრად უკეთ გაართმევდა. ასევე, კადიროვი საჭიროდ მიიჩნევდა, რომ უკრაინას ბირთვული იარაღის გამოყენებით დამუქრებოდნენ.