კალაძე: მინდა, დავავალო ვიცე-მერს, დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლებაზე მოლაპარაკება

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიკროავტობუსების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ საკითხზე აქამდე საჯაროდ არ საუბრობდა, რადგან ელოდებოდა იმ კვლევის შედეგებს, რომელიც მიკროავტობუსების არსებობის საჭიროებას სწავლობდა.

კალაძის თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ დედაქალაქისთვის მიკროავტობუსების როლი და არსებობა მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლებელია 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების ყველა ქუჩაზე გადაადგილება.

„კვლევა გვაჩვენებს, რომ მიკროავტობუსები აუცილებელია, შეიძლება, არა იმ რაოდენობით, რაც იყო თავდაპირველად, მაგრამ ინტეგრირება მეტროსთან, ავტობუსებთან მნიშვნელოვანია. აქ დღეს გვაქვს მეორე პრობლემა – ამ ავტობუსების მდგომარეობა, რომელიც მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს“, – განაცხადა კალაძემ

კალაძის თქმით, მისთვის, როგორც მერისთვის მიუღებელია მიკროავტობუსების ამ მდგომარეობაში ხილვა ქალაქში.

„მინდა დავავალო ვიცე-მერს, რომ 2 კვირაში კომპანიასთან, რომელთანაც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს გაფორმდა ხელშეკრულება, თუ არ ვცდები 2030 წლამდე, დაიწყეთ მოლაპარაკება, რომ ძალიან სწრაფად დაიწყოს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი“, – აღნიშნა კალაძემ.