კალათბურთზე ადამიანები ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან. ევრობასკეტზეც ხშირად ნახავთ საფეხბურთო მაისურებს - კობახიძე

პუბლიკა

„რაც მქონდა ეროვნული სიმბოლიკის აღმნიშვნელი და სპორტთან დაკავშირებული, იყო ეს მაისური, ხვიჩა კვარაცხელიას ნომრით დამშვენებული, ავიღე და ჩავიცვი. ეს რომ ხდება პოლიტიკური ინსინუაციების საგანი, მართლა სადამდე არიან დასულები, აქედან ჩანს”, – „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის საკალათბურთო მატჩს საფეხბურთო ნაკრების მაისურით ესწრება.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, სასაცილოა ეს თემა და აჩვენებს იმას, რომ სპორტში საერთოდ ვერ ერკვევიან ეს ადამიანები [ვინც მაისურის გამო ის გააქილიკა].

„აქედან ჩანს, რომ ამ ადამიანებს სპორტიც არ ესმით და არც მიუდევნებიათ არცერთი სპორტული შეჯიბრებისთვის თვალი. ჩვეულებრივი მოვლენაა, კალათბურთზე ადამიანებმა შიგნით მეორე მაისური უნდა ჩაიცვან, რაღაცა და, ბრეტელებიანი მაისურით არ დადიან და ხშირი მოვლენაა – ევრობასკეტს თუ აკვირდებით, ხშირად ნახავთ, რომ საფეხბურთო მაისურებით დადიან საკუთარი ქვეყნის გულშემატკივრები საკალათბურთო მატჩებზე, წყალბურთზეც იგივე ხდება და ჰოკეიზეც ვერ ივლი, ჰოკეის მაისურით ხომ?! ხშირად ხდება ხოლმე, რომ სპორტის სხვა სახეობის მაისურით მიდიხარ”, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ეს ფოტო „TV პირველმა” და „მთავარმა” ერთი და იგივე, იდენტური ტექსტით გაავრცელეს და მისი შეფასებით, ეს სწორედ ის ტელევიზიებია, რომლებიც ხვიჩა კვარაცხელიას ლამის აგინებენ, „ბიჭს, რომელსაც ქვეყნის სახელი გააქვს იტალიაში კი არა, მთელს მსოფლიოში”.

„… დღესაც იყო გავრცელებული მორიგი ბილწი განცხადებები ამ თემასთან დაკავშირებით, რაც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება. არც სპორტი უყვართ, არც აინტერესებთ, არც უნახავთ, არც არაფერი, არაფერი წმინდა რომ არ აქვთ და სპორტიც რაღაცა წმინდაა, რაც შენს ეროვნულ ღირსებას უკავშირდება, არაფერი წმინდა რომ არ აქვთ, სწორედ მაგიტომ არიან „ნაციონალები” ვახო სანაია, მიშა მშვილდაძე და მთელი მათი შანტრაპა”, – განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში.