კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში - 1 ივლისს ილიაუნიში საჯარო დისკუსია გაიმართება

პუბლიკა

კანაბინოიდების გამოყენება მედიცინაში – პარასკევს, 1 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დისკუსია გაიმართება, სადაც საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ.

დისკუსიაზე მომხსენებელი იქნება მედიცინის დოქტორი კირსტენ მიულერ-ვალი, რომელიც არის ჰანოვერის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანიის კანაბინოიდური მედიკამენტების ეროვნული ასოციაციის (ACM) და კანაბინოიდური მედიკამენტების საერთაშორისო ასოციაციის (IACM) პირველი თავმჯდომარე. ის პირად პრაქტიკაში აქტიურად იყენებს კანაბინოიდებს ეპილეფსიის რთული ფორმების, ADHD-ის და სხვა ტიპის სამედიცინო დიაგნოზის მქონე პაციენტებში.

მოხსენება შეეხება:

  • კანაბინოიდების გამოყენების ისტორია მედიცინაში და მათი ამჟამინდელი მდგომარეობის მიმოხილვა;
  • დაავადებების, სიმპტომების და მიმართულებების მიმოხილვა სადაც გამოიყენება კანაფი;
  • სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენების გეოგრაფიული და იურისდიქციული მიმოხილვა;
  • გერმანიაში არსებული მდგომარეობა; როგორ მუშაობს მათი მოდელი პრაქტიკაში;
  • უპირატესობები, შეზღუდვები და გერმანულ გამოცდილებაზე დაფუძნებული სასარგებლო გაკვეთილები;

„დღეისათვის სამედიცინო კანაბინოიდებს ბევრი ქვეყანა წარმატებით იყენებს თერაპიული მიზნებისათვის. სამედიცინო კანაბინოიდები მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულისრევის და პირღებინების შესამცირებლად, ასევე ტკივილის  გასაყუჩებლად. სამედიცინო კანაბინოიდების გამოყენება ხდება სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით ტრადიციული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულ პაციენტებში. აგრეთვე ასტიმულირებს შიდსის მქონე პაციენტებში მადას”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

შეხვედრა დაყოფილია 2 ნაწილად. 12 საათზე შეხვედრა გაიმართება ექიმებთან, მათ შორის ნევროლოგებთან, ფსიქიატრებთან და ონკოლოგებთან. 3 საათზე კი პროფესორი მიულერი ისაუბრებს ზოგადი მოსახლეობისათვის საინტერესო საკითხებზე.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან „კანაპედია”, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი „ალტერნატივა ჯორჯია”, „ღია საზოგადოების ფონდი”, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.