კანცელარიაში ორი დღეა არ გვპასუხობენ, დადის თუ არა კოვიდდადებითი პრემიერი სამსახურში

პუბლიკა

„მოვიკითხავთ და დაგიკავშირდებით“, – ასე გვპასუხობს, უკვე მეორე დღეა, მთავრობის ადმინისტრაციის პრესასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი შეკითხვაზე, დადის თუ არა კოვიდინფიცირებული პრემიერი მთავრობის კანცელარიის შენობაში.

ამავე კითხვით მივმართეთ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს, ნინო გიორგობიანს, რომელმაც გვითხრა, რომ მასაც კორონავირუსი აქვს, იზოლაციაშია და არ აქვს ინფორმაცია აღნიშნულ საკითხზე.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა Facebook-გვერდმა რამდენიმე დღის წინ, 31 იანვარს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირებისას კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

მომდევნო დღეს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე გადაღებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ სხდომას პრემიერი დისტანციურად, Zoom-ის საშუალებით ესწრებოდა. ამავე ფოტოებში ჩანს, რომ კედელზე, რომელიც პრემიერის ზურგს უკანაა, საქართველოს გერბი კიდია. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, კოვიდინფიცირებული პრემიერი მთავრობის კანცელარიაში დადის და თავისი კაბინეტიდან ერთვება ზუმში.

1.02.2022

დღესაც, 3 იანვარს პრემიერი ღარიბაშვილი ინვესტორებს შეხვდა – ისევ დისტანციურად ჩაერთო და ისევ გერბი ჰქონდა ფონად. ღონისძიების ამსახველ ფოტოებს საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

3.02.2022

საქართველოს პრემიერ მინისტრს კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. პირველად 2021 წლის 6 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილს COVID-19 ჰქონდა. ღარიბაშვილი შეხვედრებს მაშინაც დისტანციურად ესწრებოდა.

8.04.2021