ხაინდრავა: ბაქი-ბუქი სულ გვესმის, უკრაინა გაიმარჯვებსო... რას გაიმარჯვებენ !?

პუბლიკა

„დღეს უკრაინის ხელისუფლების სათავეში დგანან საქართველოს მტრები ამას ლაპარაკი არ უნდა“, – ამის შესახებ, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ხაინდრავას თქმით, საქართველოში ცეცხლი რომ არ გავრცელდეს, ამის ფლაგმანი არის საქართველოს ხელისუფლება – პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და თეა წულუკიანი.

გოგა ხაინდრავას თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა „კბილები“ აღარ აქვთ და ერთადერთი მათი დასაყრდენი „საქართველოს მიმართ მტრულ განწყობაში მყოფი უკრაინის მთავრობაა“.

„ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს ბაქი-ბუქი, გაუთავებელი სიცრუე კი გვესმის, შეჭამა ფეიქმა მსოფლიო. მე საერთოდ მგონია, რომ პრესა დაიკარგა. ძირითადად სიცრუეზეა აგებული. განსაკუთრებით ქართველ გენერლებს ვუსმენ, ამ უმეცრებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებსო.

რომ გაიაზროთ, რა დღეშია ეს ქვეყანა, ნატოს გენერალური მდივანი იძახის, რომ ეს ომი შეიძლება წლები გაგრძელდეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელ მსოფლიოს რუსეთის დამარცხება ძნელად წარმოუდგენელია. მაშ რა არის უკრაინის გამარჯვება? რომელზეც სულ საუბარი მიდის. რას გაიმარჯვებენ? რას ნიშნავს ეს გამარჯვება? დანგრეულია ქვეყანა, 8 მილიონამდე ლტოლვილი, 26 მილიონი შიდა გადაადგილებული. ეს გამარჯვება შეიძლება იყოს ბოკერიასთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილისთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ „დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ ადამიანებისა, როლებიც საქართველოს წინააღმდეგ ახორციელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს“.