ხამენეის დარკძალვაზე ჩასული ყაველაშვილი ირანის პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა – ინფორმაციას ყაველაშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრესრელიზის მიხედვით, ყაველაშვილმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

„შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ადმინისტრაცია.

დღეს ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

ირანის უზენაესი ლიდერი, 86 წლის აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების დღეს დაიღუპა.

სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ ვაშინგტონმა და თელ-ავივმა განაცხადა, რომ ირანმა განაახლა და სახიფათო ზღვრამდე მიიყვანა ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი. ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკულმა და ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია ირანის მხრიდან თავდასხმის გეგმებზე.

ამასთან, წლის დასაწყისში ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები დაიწყო, რასაც რეჟიმმა ინტერნეტის სრული ბლოკადითა და მომიტინგეების სასტიკი დარბევით უპასუხა. გავრცელებული ცნობებით, მოკლულია ათასობით ადამიანი.