ხაზარაძე: აშშ-ში არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაც დაასანქცირე, ბიზნესსტრუქტურებს ადვოკატირებას ვუწევდით

პუბლიკა

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ აშშ-ში ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა, დასანქცირდნენ.

„ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაცა დაასანქცირე, შეერთებულ შტატებში და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით, პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდით იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნესსტრუქტურებს, რომ გადარჩნენ, ბიზნესი გადარჩეს“, – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

მას ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ჰკითხა: „იმ ბიზნესებს, რომელიც შეიძლება იმ სიაში იყოს, დასასანქცირებელთა სიაში, უწევდით ადვოკატირებას?

„დიახ, იმიტომ, რომ ამ ხალხის უკან… ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, მე ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, შეიძლება არაპოპულარულია ახლა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ასე ვთქვათ… მაგრამ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ეს ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს, ასე ვთქვათ, ძალიან სათუთი თემაა რა“, – თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ თქვა, რომ შტატებში გამართული შეხვედრების ფარგლებში ისაუბარა, როგორი უნდა იყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობა მომავალში, რაც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების სწრაფ განვითარებას, პირდაპირ სამხედრო მხარდაჭერას, პირდაპირი ფრენის თემს. ხაზარაძე ამბობს, რომ აშშ-სთვის „ჩინელების მიერ ჩანაცვლება ჩვენი კარიბჭის, ანაკლიის, არის წითელი ხაზი“.

9 იანვარს „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 25 ადამიანი – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.

წერილში მათ დასანქცირებას მოითხოვენ.

განახლება: 

მამუკა ხაზარაძე თავისი ამ განცხადების გამო მოქალაქეების კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ მის ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, მაგრამ ფაქტობრივად იგივე გაიმეორა. 

„ვიყავი და ვიქნები ქართული ბიზნესის მხარდამჭერი, მასზე დგას ქვეყნის ბიუჯეტი, სტაბილურობა და სამუშაო ადგილები. კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში (ეს ვთქვი გუშინ). საუბარია ათობით ათას ადამიანზე, ეს ხალხი მუშაობს და ქმნის ყოველდღიურად დოვლათს, იღებენ გასამრჯელოს და არჩენენ ოჯახს.

სანქციებზე გადაწყვეტილებას იღებენ აშშ-ს შესაბამისი სტრუქტურები. რუსული რეჟიმის დამფინანსებლები, ანუ ძალადობის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ, ეს პოზიცია გვქონდა და რჩება უცვლელი.

აქვე, ჩემი რჩევა დასასანქცირებლად გამზადებულ ბიზნესმენებს – ნუ ჩაყვებით ბიძინას, ნუ ჩაიყოლებთ თქვენს თანამშრომლებს და ბიზნესპარტნიორებს ამ უბედურებაში”. – დაწერა მამუკა ხაზარაძემ.