ხელისუფლება ლმობიერად ექცევა ძალადობრივ ჯგუფებს, კრიტიკულად განწყობილ ხალხზე კი გადამეტებულ ზომებს მიმართავს – GDI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) საქართველოში გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად მიმოხილულია გასულ წელს მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციების თავისუფლებაში ხელის შეშლის შემთხვევები. მათ შორისაა: მალხაზ მაჩალიკაშვილის კარვის აღება, 20 ივნისს აქციის დაშლა და ადმინისტრაციული წესით დაკავებისას შესაძლო გადაცდომები. GDI-ის შეფასებით, ხელისუფლების რიგი შემზღუდავი ქმედებები სხვადასხვა აქციაზე უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრია ნეგატიური ვალდებულება, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება ისევეა შეკრების უფლების ნაწილი, როგორც მისი შინაარსი და შესაძლოა სწორედ კარვის გაშლა იყოს გამოხატვის თავისუფლების შინაარსი“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აშკარაა 20 ივნისის აქციის დაშლისას სახელმწიფოს მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხი, მაგრამ ამასთან ერთად კითხვის ნიშნის ქვეშაა აქციის დაშლის საფუძვლების კანონიერებაც.

„მნიშვნელოვანია, შეფასდეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისას რამდენად გაითვალისწინა სახელმწიფომ რეალური საფრთხის სტანდარტები. კერძოდ, მასშტაბური აქციის მცირე ჯგუფის აქტივობა რამდენად რეალურად უქმნიდა საფრთხეს სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოებას და ხომ არ ჰქონდა ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ მცირე ჯგუფის განეიტრალების გზით თავიდან აერიდებინა გამოხატვის თავისუფლების მასშტაბური ხელყოფა“, – წერს GDI.

GDI-ის ანგარიშით, პოლიცია გაუმართლებლად ზღუდავდა მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა უფლებებს მაშინაც, როდესაც შეკრება პარლამენტის წინ კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა.

სამაგიეროდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს არ ჰქონია შესაბამისი რეაგირება ძალადობრივი ჯგუფების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებიან და ავლენენ აგრესიას საზოგადოების სხვა ჯგუფების მიმარ, მათ შორის მიგრანტებისა და ლგბტქ+ თემის მიმართ.

„სახელმწიფოს მათი მოქმედებების საწინააღმდეგოდ აქვს მხოლოდ რეაქციული მიდგომა, ისიც არასათანადო დონეზე. ასეთი ჯგუფების გაძლიერების და პერმანენტულად მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაშინების და დაშლის შემთხვევების გაზრდა განპირობებულია სწორედ ხელისუფლების ინერტულობით და ამ მიმართულებით რაიმე პოლიტიკის არარსებობით.

მეტიც, უფრო მეტად მყარდება ამ ჯგუფებისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ეჭვები. ამგვარი ტენდენციის გაგრძელებამ კი შესაძლოა კონფლიქტის ახალი კერების გაჩენა და ვითარების გაუარესება გამოიწვიოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც GDI წერს, სამართალდამცავთა არაეფექტური რეაგირება კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და გადაცდომებზე, ნათლად აჩვენებს ხელისუფლების უთანასწორო მიდგომას და მის შესაძლო კავშირს ძალადობრივ ჯგუფებთან. მსგავსი დამოკიდებულება ვლინდება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჯგუფებთან მიმართებით მკაცრი და გადამეტებული სამართლებრივი ზომების გამოყენებაში, ხოლო მსგავსი ჯგუფების მიმართ ლმობიერ დამოკიდებულებაში.

GDI-ის ანგარიშში შეკრების თავისუფლებასთან ერთად მიმოხილულია გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი საკანონმდებლო ინიციატივები და სასამართლო პროცესები, მედიის თავისუფლებაში ჩარევის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდავად ძალადობრივი ჯგუფების გამოყენების შემთხვევები.