ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია - ქარტია

პუბლიკა

დღეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნატაშკა ჯახუტაშვილს „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა, მათ შორის გამოიყენა სექსისტური ენა:  „ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე”.

ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისას მედიის წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემაც. მან ჟურნალისტებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ ბრძანდებით, ჩემი აზრით, კრემლის სასარგებლო იდიოტები… თქვენ ხართ ფსკერს ქვემოთ, ჟურნალისტები აღარ ხართ”.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს „მთავარი არხის“ ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ქარტია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას მნიშვნელოვანწილად მსგავსი რიტორიკა განაპირობებს.

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ”, – ამბობენ ქარტიაში.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.