ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება - კობახიძე ბზობას გავრცელებულ კადრებზე

პუბლიკა

„ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. ჩვენ ვიხილეთ გუშინ ვითარება, როდესაც არაერთ ადგილას დაირღვა საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები. რაც არის მიუღებელი და ასეთ დროს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“, – ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ფოტო და ვიდეოკადრებს, რომელიც ბზობას გავრცელდა.

ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, დააჯარიმებენ თუ არა ხალხს, ვინც ეკლესიებში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბა. თუმცა, მისი თქმით, საგანგებო რეჟიმის პირობებში არსებობს კონკრეტული წესები, თუ როგორი უნდა იყოს დისტანცია კონკრეტული თავშეყრის დროს და აუცილებელია მათი დაცვა. სადაც „კონკრეტულ შემთხვევებში“ იქნება დარღვევა, იქ რეაგირებაც იქნება შესაბამისი.

რაც შეეხება აღდგომას, ჟურნალისტმა შეკითხვით მიმართა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, რომ, საპატრიარქოს მიხედვით, სააღდგომო ლიტურგია კომენდანტის საათის დროს დაიგეგმა და ამაზე რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, კობახიძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილი არაფერია, მათ შორის – არც საპატრიარქოს პოზიცია.

„ჯერჯერობით, არაფერი არაა არავის მხრიდან გადაწყვეტილი. სწორედ ამას სჭირდება კონსულტაციები, როცა ვსაუბრობთ შემდეგ დღეებზე. არა მხოლოდ შაბათ ღამესა და კვირაზეა საუბარი, არამედ წინა დღეებზეც. მოგეხსენებათ, იმართება არაერთი საეკლესიო რიტუალი. თითოეულ საკითხთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ ისეთ გადაწყვეტაზე, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება საერთო ინტერესებს. საერთო ინტერესი კი არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების პრევენცია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

[irp posts=”26384″ name=” სააღდგომო ლიტანიობა კომენდანტის საათის მოქმედების დროს დაიგეგმა”]