ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებენ

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს კულტურის სამინისტრო ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში დაგეგმილი სამუშაოების გამო, უმოკლეს ვადებში უნდა დაიწყოს შენობის დაცლა და ფონდების, მათ შორის, საგანძურის დროებითი ევაკუაცია ალტერნატიულ უსაფრთხო სივრცეში.

„ხელოვნების მუზეუმი ამ შენობაში 1952 წელს განთავსდა. მას შემდეგ, შენობაში კაპიტალური სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, რამაც განაპირობა მისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობა. ვითარება არც მას შემდეგ შეცვლილა, რაც ხელოვნების მუზეუმი ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში 2005 წლიდან მოექცა.

შესაბამისად, შენობა უკვე მრავალი წელია უმძიმეს მდგომარეობაშია, რამაც რეალური საფრთხე შეუქმნა მასში დაცულ უნიკალურ კოლექციებს.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, 2021 წლიდან დაიწყო მუშაობა შენობის სრული გამაგრებითი და სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოების მიზნით. ინფრასტრუქტურის სრული განახლება, რომელსაც კულტურის სამინისტრო ისახავს მიზნად, უზრუნველყოფს მუზეუმის უნიკალური კოლექციების საერთაშორისო სტანდარტებით დაცვას, როგორც საფონდო საცავებში, ისე საექსპოზიციო სივრცეებში.

მოცემული მიზნის მისაღწევად, აუცილებელ პირობად მივიჩნევთ, რომ დაგეგმილი სამუშაოების დროულად დაწყების მიზნით, უმოკლეს ვადებში დაიწყოს შენობის დაცლა და ფონდების, მათ შორის საგანძურის, დროებითი ევაკუაცია ალტერნატიულ უსაფრთხო სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისად, სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში არსებული საეკლესიო საგანძური წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივი ზრუნვის საგანს, ხელოვნების მუზეუმის საგანძურთან დაკავშირებული ყოველგვარი ქმედება ხორციელდება საქართველოს საპატრიარქოსა და მის უფლებამოსილ წარმომადგენლებთან შეთანხმებით.

„ექსპონატები დროებით სხვადასხვა სივრცეში განთავსდება, შესაბამისი სამუზეუმო სტანდარტების დაცვით.

რაც შეეხება საგანძურის ექსპონატებს, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მოსაზრების საფუძველზე, შეარჩიეს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ისტორიის მუზეუმის ყოფილი სივრცე, რომელიც სარგებლობაში გადაეცა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს და მის მფლობელობაში დარჩება მომავალშიც.

მოცემულ სივრცეში დამონტაჟებულია ტემპერატურისა და ტენიანობის მაკონტროლებელი, ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემები.

საგანძურის კოლექციის გადაადგილება განხორციელდება საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების მონაწილეობით, ასევე, მაღალი კომპეტენციის, სხვადასხვა პროფილის ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, მათ შორის, ექსპონატთა უსაფრთხო გადაადგილების სპეციალისტის ჩართულობით, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ამ მიმართულებით”, – ნათქვამია გაცხადებაში.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის რეაბილიტაცია იქნება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ათეული წლებია, ელის ჩვენი საზოგადოება“.