უკრაინის ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია – იქ მყოფ დაახლოებით 2 000 მშვიდობიან მოქალაქეს (მათგან 50-მდე ბავშვს) საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტი აქვს, ევაკუაცია კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
უკრაინული მედია Hromadske-ის ინფორმაციით, ოლეშკიში საკვები და მედიკამენტები რეგულარულად მაისის შემდეგ აღარ შესულა. ქალაქში შესასვლელი ერთადერთი გზა დანაღმულია და რუსული დრონები აკონტროლებს. ქალაქში დარჩენილთა უმეტესობა ხანდაზმული ან შეზღუდული მობილობის მქონე ადამიანია და ან მათზე მზრუნველი.
გამოცემის ცნობით, საკვების დეფიციტის გამო, ოლეშკის ზოგიერთი მცხოვრები იძულებულია, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამოს. მოსახლეობა ზაფხულის განმავლობაში ძირითადად ბოსტნეულით — კიტრით, პომიდვრით, ყაბაყითა და ბადრიჯნით გადიოდა ფონს, თუმცა მოსავლის სეზონის დასრულებასთან ერთად მარაგიც ამოიწურა. ქალაქში აღარ არის ზეთი, ფქვილი, ბურღულეული, ჩაი და ყავა. ზოგიერთი მცხოვრები პურსლანით — საკვებად ვარგისი სარეველა მცენარით — იკვებება.
საკვების დეფიციტის ფონზე ოლეშკიში ბაზარზე არსებული პროდუქტების ფასებიც მკვეთრად გაიზარდა. Hromadske-ის ცნობით, კარტოფილის, ხახვის, შაქრის ან მარილის ერთი კილოგრამი დაახლოებით 1 000 რუსული რუბლი ღირს (30 ლარი), 10 კვერცხი, დაახლოებით, 1 500 რუბლი (46 ლარი), ხოლო 2021 წელს წარმოებული მარგარინის ერთი კილოგრამი — 2 000 რუბლი (დაახლოებით 61 ლარი), თუმცა ფულის ქონაც კი სულ უფრო ნაკლებად ნიშნავს იმას, რომ პროდუქტის შეძენა შესაძლებელია. მოსახლეობა საკვებსა და სხვა აუცილებელ ნივთებს ერთმანეთში ცვლის, მაგალითად, 2 კილოგრამ შაქარს — 10 კვერცხში.
ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინამ დიდი ზომის დრონებით ოკუპირებულ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 100 ლოკაციაზე, დაახლოებით 4 ტონა საკვები, წყალი და მედიკამენტები მიიტანა. თუმცა უცნობია, დახმარების რა ნაწილი მივიდა უშუალოდ მშვიდობიან მოსახლეობამდე. ოლეშკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტეტიანა ჰასანენკო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები დრონებით ჩაშვებულ ტვირთს ან აკავებენ, ან იმ სახლების ადგილმდებარეობას ადგენენ, სადაც დახმარება ეცემა. მისი თქმით, ერთ-ერთი ოჯახის წევრები ჰუმანიტარული ტვირთის მიღების შემდეგ დააკავეს და მათი ადგილსამყოფელი უცნობია.
საკვების სახმელეთო გზით მიწოდების მცდელობაც არაერთხელ დასრულდა ტრაგიკულად. Hromadske-ის ცნობით, სექტემბრის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც დრონებმა ქალაქისკენ მიმავალი საკვების გადამზიდავი კოლონა გაანადგურა, ადგილობრივებმა დანაღმულ გზაზე დაახლოებით 7 კილომეტრი ფეხით გაიარეს და განადგურებული ტვირთიდან დამწვარი კარტოფილი, რამდენიმე ხახვი და წვიმაში დასველებული პური შეაგროვეს. ცოტა ხნის წინ 11-მა მცხოვრებმა საკვების საძებნელად დაახლოებით 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფელ რადენსკისკენ ფეხითაც გაიარა. ერთ-ერთი ქალი გზის ნაწილზე მებაღის ურიკით გადაიყვანეს.
ოლეშკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქს ელექტროენერგია და გაზი არასტაბილურად მიეწოდება, საავადმყოფოში კი მედიკამენტები თითქმის აღარ დარჩა. ექიმებს, ძირითადად, მხოლოდ სისხლდენის შეჩერება შეუძლიათ, სასწრაფო დახმარების მანქანები კი გამოძახებებზე, დიდი ხანია, აღარ რეაგირებენ.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაღუპულთა დაკრძალვის კუთხითაც. ჰასანენკოს ინფორმაციით, ოლეშკის საავადმყოფოს სარდაფი დროებით მორგად გამოიყენება და იქ დაახლოებით 100 ცხედარია, მათ შორის ზოგიერთი – ზამთრიდან მოყოლებული. სასწრაფო დახმარების მუშაობის შეწყვეტისა და დაღუპულთა რაოდენობის ზრდის გამო, ზოგიერთი ოჯახი მიცვალებულებს თავიანთ ეზოებში, ზედაპირულ სამარხებში კრძალავს.
ჰასანენკო ოლეშკიში არსებულ პირობებს „ჯოჯოხეთს“ უწოდებს და ამბობს, რომ მსურველებისთვის ქალაქის დატოვების უსაფრთხო გზა არ არსებობს. უკრაინის ადამიანის უფლებათა ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა 16 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ შეთანხმება არსებობდა და ამაში დასახმარებლად მზად იყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც, თუმცა, მისივე თქმით, რუსული მხარიდან შემდგომი პასუხი აღარ მიუღიათ.
ზოგიერთი მცხოვრები ორგანიზებულ ევაკუაციას აღარ ელოდება და ქალაქიდან გასვლას დანაღმული ტერიტორიების გავლით დამოუკიდებლად ცდილობს, თუმცა რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გავლით ევაკუაციასაც გარკვეული რისკი ახლავს. ადგილობრივების ნაწილი დაკარგული დოკუმენტების გამო გადაადგილებას ვერ ახერხებს, ზოგი კი რუსეთის მიერ გაცემული დოკუმენტების აღებაზე უარს ამბობს. მოსახლეობის ნაწილი ასევე შიშობს, რომ ოკუპანტების მიერ ორგანიზებული ევაკუაციის შემთხვევაში შესაძლოა, ისინი რუსეთის სიღრმეში გადაიყვანონ, კაცებს კი რუსეთის სამხედრო სამსახურში გაწვევის ეშინიათ.
უკრაინის ხელისუფლება რუსეთს მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვაში ადანაშაულებს, რუსული მხარე კი პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. უკრაინის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიის მონაცემების მიხედვით, 2026 წელს ოლეშკისა და ჰოლა-პროსტანის ტერიტორიებზე, სულ მცირე, 29 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 54 დაშავდა.
ოლეშკიში არსებული ვითარება კიდევ უფრო მძიმეა იმ ფონზე, რომ ქალაქში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაახლოებით 24 000 ადამიანი ცხოვრობდა. 2023 წლის ივნისში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ ტერიტორია დაიტბორა, რის შედეგადაც ოლეშკი ცენტრალიზებული წყალმომარაგების, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა.