„ხერსონის რუსეთთან შეერთება უნდა მოხდეს ისევე ლეგიტიმურად, როგორც ყირიმის“ - პესკოვი

პუბლიკა

კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა უნდა მოხდეს „ლეგიტიმურად, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“ და „ეს საკითხი უნდა იყოს იურისტების მიერ შეფასებული, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი“. პესკოვის ამ განცხადებას Ukrayinska Pravda ავრცელებს.

„იქნება თუ არა ასეთი მიმართვა, ხერსონის ოლქის მკვიდრებმა უნდა გადაწყვიტონ – ეს არის უპირველესი. ხერსონის ოლქის მცხოვრებლებმა უნდა განსაზღვროს თავიანთი ბედი.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი ნათლად და გულდასმით უნდა იყოს გადამოწმებული და შეფასებული იურისტების მიერ. ასეთ საბედისწერო გადაწყვეტილებებს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად მკაფიო სამართლებრივი საფუძველი, სამართლებრივი დასაბუთება და იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური, როგორც ეს იყო ყირიმის შემთხვევაში“, – თქვა პესკოვმა.

გუშინ, 11 მაისს რუსულმა და უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის, ე.წ. ხელმძღვანელობა აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართოს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ხერსონის რეგიონის მისაღებად.

ხერსონი რუსეთის სამხედრო ძალებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. აპრილში, უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რომ რუსეთი ხერსონში აპირებს, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას კიდევ ერთი „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნის მიზნით.

LB loan image desktop LB loan image mobile