ხიდაშელზე ივანიშვილის კომენტარი ცხადყოფს, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმე პირადად მის ინტერესშია - ადვოკატი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ბიზნესმენ დავით ხიდაშელზე ისაუბრა, ქველმოქმედად მოიხსენია და განაცხადა, რომ „აბსოლუტური გმირობა ჩაიდინა“ რუკების მოძიებით.

დავით ხიდაშელი, რომლის თქმითაც, მან მოსკოვში იპოვა რუკა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უფრო ხელსაყრელ პროცესში აყენებს, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მონაწილეა. სწორედ მის მიერ მოძიებული რუკა დაედო საფუძვლად დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრების – ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავებას. რომელთაც პროკურატურა ედავება, რომ ამ რუკაზე ინფორმაცია ჰქონდათ და მისი გამოუყენებლობით საქართველოს ზიანი მიადგა.

ბიძინა ივანიშვილის კომენტარს მელაშვილისა და ილიჩოვას ადვოკატები, ოჯახის წევრები და ოპოზიცია ეხმაურება.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, ივანიშვილის კომენტარი ცხადყოფს, რომ ამ საქმით პირადად იყო დაინტერესებული, თანაც ინტერვიუს დროს არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.

„ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის „გმირობამ“ (რუკების რუსეთიდან ჩამოტანამ), ქვეყანა, ერთი მხრივ, აარიდა მეზობელ სახელმწიფოსთან კამათს, მეორე მხრივ კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გადაარჩინა შუაზე გაჭრას. კიდევ უფრო ნათელი გახდა კონტურები, რომ საქმე პირადად ივანიშვილის კონტროლზეა და მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია.

თუმცა, ბუნდოვანია, რას ნიშნავს მეზობელ სახელმწიფოსთან კამათის თავიდან არიდება. რატომ საუბრობს ისე თითქოს, სადავო საკითხი უკვე გადაჭრილია“, – წერს ედუარდ მარიკაშვილი Facebook-ზე.

ინფორმაციის არასწორად გავრცელებაზე საუბრობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძეც. მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ივანიშვილის თქმით, ხიდაშელმა „შუაზე გაჭრას გადაარჩინა“,  ე.წ. კარტოგრაფების საქმეში საერთოდ არ ფიგურირებს.

„გვინდა, შეგახსენოთ, რომ 1996 წლიდან ერთი სიტყვაც არ თქმულა კომისიების მიერ დავით გარეჯის საკითხზე, გარდა იმ პირველი შეხვედრისა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ ჰქონდათ რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები“, – ამბობს გიორგი მახარაძე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი კი აცხადებს, რომ დავით ხიდაშელმა მოსკოვში რუკის მოძიებით არათუ გმირობა ჩაიდინა, არამედ რუსული სპეცსამსახურების დავალება შეასრულა.

„გამოვლინდა, რომ ამ საქმეში, ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის რუსეთის ხაზი. ხიდაშელი, პირდაპირ ვიტყვი, შავბნელი ხიდაშელი, რომელმაც მოსკოვიდან ჩამოიტანა რუკა, იქ მოღვაწეობს. ის ასევე ნახსენებია „პანამა ფეფერსში“ და ოფშორებში მიდის მისი კვალი. ასევე, როგორც ივანიშვილი ლაპარაკობს, არის მისი პარტნიორი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ამ საქმეში გარდა წინასაარჩევნო დაკვეთისა, არის რუსული ხაზი“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია.

რუსულ კვალს ხედავს ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ხიდაშელის მონაწილეობით „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავაც, რომლის თქმითაც, ბიზნესმენის მოქმედება „ამორალურია“.

„ხიდაშელის ხელით გაკეთებული საქმე არის უზნეო და ამორალური. იმიტომ, რომ პირველ რიგში, ორი ადამიანი, ივანიშვილის პირადი პატიმრები არიან ციხეში მაგის გამო. მეორე, ეს იყო პირდაპირ „ფეესბეს“ გეგმა, რომელიც ამათ შეასრულეს. მესამე – არავითარი ტერიტორიული ცვლილებები, არც ჩვენ სასიკეთოდ და არც გაუარესებით, არაფერი არ მომხდარა. ივანიშვილი თავის ტელევიზიებს რომ უყურებს, ცოტა უნდა გაიხედოს და რუკას დახედოს – არაფერი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ორი ადამიანი ზის ციხეში. ასევე ის, რომ ჩვენ მართლაც გავიფუჭეთ საქმე ჩვენს მეზობელთან“, – აცხადებს უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილის კომენტარით გამოჩნდა, რომ მართლმსაჯულების სისტემა პირადად მის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს.

„ბიძინა ივანიშვილის უშუალო დავალება იყო ამ ადამიანების გასამართლება და მთელი ეს ამაზრზენი პროპაგანდა, რომელიც მიჰყავდა სამთავრობო არხებს, ეს ერთი. მეორე, რუსეთის ინტერესებში იყო და გასაგებია, რომ ბატონი ხიდაშელი არავთარ სემთხვევაში საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, ემსახურება ჩვენი მტრის ინტერესებს. მესამე – ჩანს, რომ მთელი მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო, პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები ასრულებენ ივანიშვილის პოლიტიკურ დავალებას“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

„ქართული ოცნების“ წევრები კი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დავით ხიდაშელის დამსახურებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საზღვრებში მოექცევა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ის რუკები, რომლებიც აღმოჩნდა, ადასტურებს, რომ გარეჯი ერთიანად საქართველოა და ამით მე ვარ ბედნიერი“, – ამბობს დეპუტატი ირაკლი ზარქუა.

„მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეში უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ ჩვენ გაგვიჩნდა მატერიალური მტკიცებულება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრული შემადგენლობით შედიოდა საქართველოს ტერიტორიაში. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ის ადამიანი, ვინც ამ საქმეში გასწია ლომის წვლილი და შეძლო სხვადასხვა ქვეყნის არქივებიდან იდენტური მონაცემების რუკების მოპოვება, მისდამი თითოეული ქართველი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ჩვენი ქვეყნის თითოეული გოჯი მიწა და დავით გარეჯის საკითხი, უნდა იყოს მადლიერი“, – აცხადებს პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი.


ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს. მისი თქმით, გარკვეული პირების თხოვნით, მან რუსეთში მოიძია რუკა, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესში გარკვეულ უპირატესობებს უქმნიდა, მათ შორის, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის არეალში. ხიდაშელმა რუსეთიდან ეს რუკა ჩამოიტანა და „ქართული ოცნების“ წევრებს გადასცა.

ამ საქმეზე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულებმა არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა. უწყებას მტკიცებულებად მოჰყავს 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელზე დაყრდნობითაც, გამოძიების მტკიცებით, შეძლებდნენ ისეთი ალბომის შექმნას, სადაც „დატანილი იქნებოდა საქართველოს ისტორიული საზღვარი“. სწორედ ეს რუკა გადასცა ხელისუფლებას დავით ხიდაშელმა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.

მათი თქმით, საზღვრის დელიმიტაციის პროცესში ორივე მხარე იყენებდა რუკას, რომლის მიხედვითაც, 1938 წელს საბჭოთა ორმა რესპუბლიკამ საზღვრები დაადგინა.

მელაშვილისა და ილიჩოვას თქმით, ხიდაშელის მიერ მოწოდებულ რუკას, მანამდეც იცნობდნენ, თუმცა მას ჰქონდა ცდომილებები და ამ ცდომილებების გამო არსებითი აცდენა ჰქონდა 1938 წლის რუკასთან. ამასთან ეს ცდომილებები მეორდება თანამედროვე ბევრად უფრო ზუსტ რუკებთან ისეთი პუნქტების შედარებით, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი რჩება, იქნება ეს – მწვერვალი, ხიდი, რკინიგზა თუ სხვა.

ასევე, მათი თქმით, ეს რუკა შედგენილი იყო მიუფლინგის პროექტით და ცდომილებების წყარო შეიძლება იყოს თავად ეს პროექტიც, რადგან მიჩნეულია, რომ ამ პროექტით შედგენილ რუკებს აქვთ სწორედ მსგავსი ცდომილებები.