„ხომ არ ჯობია გადადგეთ და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი“ - ვასაძე სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

პუბლიკა

ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ულტრანაციონალისტური განწყობებით და სექსისტური გამონათქვამებით ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში, ალექსანდრეს ბაღში მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავს.

მან რამდენიმე კვირის წინ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ შემოდის ქვეყნის პოლიტიკურ – საზოგადეობრივ ცხოვრებაში და აფუძნებს მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“. ამავე შეხვედრაზე დაანონსა მან მხარდამჭერებთან შეხვედრა და სამომავლო გეგმების გაცნობა.

დღეს ლევან ვასაძემ ალექსანდრეს ბაღში შეკრებილებს უთხრა, რომ მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გადაიქცევა. ის სიტყვით გამოსვლისას სხვადასხვა თემას შეეხო, ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

„ამ მშვენიერი ბაღიდან, რომელიც მდებარეობს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა:

ქალბატონო სალომე, ქალბატონი ბრძანდებით, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით და ამიტომ მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას. გვესმის, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს საპრეზიდენტო ინსტიტუტი თქვენ ბევრის არაფრის უფლება არ გეძლევათ, მაგრამ გვაოცებს ის რომ იმ უფლების ფარგლებში მაინც რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომელიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და არცხვენს ჩვენს სახელმწიფოს .

მე არ ვიცი თქვე გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცეების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან უპრაკუნოდ გამოშვება თუ სხვა გადაწყვეტილებები, თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას.

მინდა ერთი რჩევა მოგცეთ, კიდევ ერთხე კორეტულობის დაცვით, რადგან საზღვარი არ უჩანს ამ უბედურებას, რადგან ყველაფერს გიბრძანებენ, როგორც ჩანს ასრლებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, სანამ აქ არ ჩამოიყვანეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგცეს ბრძანება რომ შეიწყალოთ ის ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ ჯობია დაანახოთ ხალხს რომ გაქვთ ღირსება, ქე მაინც იმით, რომ გადადგეთ და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი თქვენი ქვეყნის და ერის წინაშე, “- თქვა ლევან ვასაძემ.