ხვიჩია EU-ში განაცხადზე: კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად პერსპექტიული იქნება ჩვენი ქცევების ფონზე

პუბლიკა

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების თაობაზე განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით. იმ პრეზიდენტის, რომელიც ახლა ევროპისთვის გმირია და, ფაქტობრივად, მარტო ებრძვის რუსეთს, – განაცხადა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი ცუდი არ არის, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშაა, რამდენად პერსპექტიული იქნება.

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ 2024 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს გაწევრების თაობაზე განცხადებას დაწერდნენ. უკრაინის მოვლენებმა ამ თარიღის გადმოწევა შესაძლებელი გახადა, მაგრამ ეს განაცხადი შეგვაქვს უკრაინის პრეზიდენტის კრიტიკის თანხლებით.

იმ პრეზიდენტის, რომელიც ახლა ევროპისთვის გმირია და, ფაქტობრივად, მარტო ებრძვის რუსეთს. ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადი რამდენად პერსპექტიული იქნება ჩვენი სხვა ქცევების ფონზე, ეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ, თორე ამ განაცხადის გაკეთება ცუდი არ არის.

ყველაზე ცუდი შედეგი იქნება, ევროკავშირში მიიღონ უკრაინა და ჩვენ გარეთ დაგვტოვონ. ეს იქნება საქართველოს მთავრობის იმ არასწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ. ისე მოვახერხეთ, რომ ზელენსკიმ აქედან ელჩი გაიწვია. ეს იმ კავშირშია, რომ ევროკავშირში უკრაინის მოვლენების გამო იღება კარი. კონკრეტულად – ზელენსკისთვის და შანსი გვაქვს, შევყვეთ, მაგრამ ისე ვექცევით, რომ ზელენსკის ქვეყნიდან ელჩი გაყავს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.


„საქართველოს მთავრობა დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, განაცხადის შეტანა 2024 წელს იყო გათვალისწინებული, თუმცა ახალი რეალობის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება.