კი, მე დავუჭერი მანდატი კარლო კოპალიანს – თინა ბოკუჩავა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი კარლო კოპალიანი ამბობს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დეპუტატის მოწმობა დაუჭრეს.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. დეპუტატი კარლო კოპალიანი ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატიდან, რომელმაც დღეს კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

თინა ბოკუჩავა „პუბლიკასთან“ ადასტურებს დეპუტატისთვის მანდატის დაჭრის ფაქტს. ის ამბობს, რომ კარლო კოპალიანი და ის დეპუტატები, რომლებმაც საკონსტიტუციო კანონპროექტი ჩააგდეს, არ იმსახურებენ პარლამენტის მანდატს.

„ის ერთ-ერთი დეპუტატია, გავრილოვის თანაპარტიელი კომუნისტი, რომელმაც ხმა მისცა  კანონპროექტის ჩაგდებას და დაასამარა ჩვენი ქვეყნის განვითარების შანსი, გამოგვიყვანა ისევ ქუჩაში. ამიტომ კოპალიანი არ იმსახურებს საქართველოს პარლამენტის მანდატს ისევე, როგორც სხვა დეპუტატები, რომლებმაც ჩააგდეს საკონსტიტუციო პროექტი. ეს დეპუტატები იმსახურებენ, დაუჭრან ის მანდატები, რომლებიც ქვეყნის მისატაცებლად და დასაღუპად გამოიყენეს დღეს,“ – ამბობს თინა ბოკუჩავა.

კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

LB loan image desktop LB loan image mobile