ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება, ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებელია - კობახიძე რუსეთში მობილიზაციაზე

პუბლიკა

„ახლა მით უმეტეს, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს“ – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის საკითხზე მედიასთან საუბრისას.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო უწყებები მაქსიმალურად ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე.

მისივე განცხადებით, ზოგადი საფრთხეების არსებობის მიუხედავად, ოპოზიცია და არასამთავრობოები ომის რიტორიკას მიმართავდნენ, დღეს კი, გაზრდილი მობოლზაციის ფონზე სიფრთხილე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამას საზოგადოება ხედავს. ორჯერ იყო ხელოვნური კამპანია აგორებული, თითქოს, რუსი ტურისტები რაღაც საფრთხეებს შექმნიდნენ და ორივეჯერ გამოჩნდა, რომ ეს კამპანია იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო, ყალბი, ხელოვნური და ჰქონდა პოლიტიკური მიზნები.

ამ შემთხვევაშიც, ბოლომდე კონტროლქვეშაა ვითარება და ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებელია და ასე გაგრძელდება მოქმედება.

რაც შეეხება ზოგად საფრთხეებს. რა თქმა უნდა, საფრთხეები არსებობს. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ თვეებია. სწორედ ამის გამო მოვუწოდებდით ყველა სუბიექტს, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამის NGO-ებს, რომ თავი შეეკავებინათ იმ რიტორიკისგან, რომელიც ომისკენ იყო მიმართული, თავი შეეკავებინათ პროვოკაციებისგან, თუმცა ისინი აგრძელებდნენ რიტორიკას, პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ჩვენთვის იყო მიუღებელი.

ახლა მით უმეტეს, როდესაც ახალი მობილიზაცია გამოცხადდა, კიდევ უფრო ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საფრთხეები არ გაგვეპაროს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი მტკიცებით, ომის დაწყების დღიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები ბოლომდე უზრუნველყოფენ სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გადახედვა არ განიხილება.


ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. მობილიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები 21 სექტემბერს დაიწყება.