კიევზე თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე - დაშავდა

პუბლიკა

1 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის მორიგი მასშტაბური ბალისტიკური სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.

Kyiv Independent-ს ადგილობრივები ეუბნებიან, რომ საჰაერო განგაშს ეგრევე მოჰყვა აფეთქებები და თავშესაფრებში ჩასვლა ვერ მოასწრეს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ზოგიერთი მსხვერპლი დარტყმის მომენტში სწორედ თავშესაფრისკენ გარბოდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს.

დადასტურებულია სულ მცირე 9 ადამიანის დაღუპვა და 28-ის დაშავება, მათ შორის ოთხი ბავშვია.

უწყების ცნობით, დაზიანებული შენობებიდან 105 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან 17 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხანძრები და საცხოვრებელი შენობებისა თუ ინდუსტრიული ობიექტების დაზიანება ქალაქის სულ მცირე ხუთ რაიონში დაფიქსირდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, დაზიანდა 18 საცხოვრებელი სახლი, სკოლა, ლიეტუვის საელჩო და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

დარნიცკის რაიონში 7 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი – იუწყება საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით 35 რაკეტა (რომელთაგან 27 ბალისტიკური იყო) და 185 „შაჰედის“ ტიპის დრონი გაუშვეს. მათი უმრავლესობის სამიზნე კიევი იყო.  ორი რაკეტა და  154 დრონი ჩამოაგდეს.

„მთავარი სამიზნე კიევი იყო, თუმცა დარტყმები განხორციელდა დნიპროს, სუმის, ხარკივისა და პოლტავის რეგიონებზეც. მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება მოხერხდა, უბრალოდ იმიტომ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი დამჭერი რაკეტები აღარ არის.

სწორედ ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების ეს დეფიციტი ახალისებს რუსეთს, განახორციელოს ასეთი თავდასხმები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იწირავს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებს ესმოდეთ, ეს შესაძლებლობები საჭიროა არა სადღაც საწყობებში ჰიპოთეტური სცენარებისთვის, არამედ აქ და ახლა, უკრაინაში რუსეთის ომის შესაკავებლად და შესაჩერებლად.

ბალისტიკური რაკეტების საწინააღმდეგო საშუალებების თითოეული პაკეტი ჩვენი ხალხის სიცოცხლეს გადაარჩენს. ხოლო მათ გარეშე გატარებული ყოველი ღამე კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს ნიშნავს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად მუშაობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.