კინემატოგრაფისტები კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს გამართავენ

პუბლიკა

მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ კულტურის სამინისტროსთან აქციას გამართავს და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გააპროტესტებს.

„დღეს, 31 იანვარს, 17:30 საათზე, კულტურის სამინისტროსთან გავმართავთ აქცია-პერფორმანსს და გავაპროტესტებთ ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ.

სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.


ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს.

„პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები.

EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი სალომე გობრონიძე.

გური სულთანიშვილს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ გზავნის, როგორც კინოექსპორტის სპეციალისტს. ხოლო POSTV-ის ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს – როგორც პიარის დეპარტამენტის თანამშრომელს.

მაგალითისთვის ბერლინალეს წლევანდელ კინობაზრობაზე:

  • ესტონეთის კინოინსტიტუტს 9 წარმომადგენელი ეყოლება;
  • ჩეხეთის კინოფონდს – 5;
  • საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს – 8;
  • საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს – 32.